„შეწყალებას არ ვითხოვთ, საუბარია სასჯელის გადავადებაზე, გავუშვათ მიშა სამკურნალოდ“ - გიორგი სააკაშვილი

პუბლიკა

„მივმართავ „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც, იგივე შეიძლება მოხდეს თქვენთანაც, იგივე შეიძლება განმეორდეს თითოეულ თქვენ ოჯახში, აქ არ ვითხოვთ ჩვენ არც შეწყალებას, არც მსგავს რამეს. საუბარია, სასჯელის გადავადებაზე. გავუშვათ მიშა სააკაშვილი სამკურნალოდ, რომელიც ამ ეტაპზე ძალიან საჭიროა“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ გიორგი სააკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სიტუაცია არის მძიმე და კრიტიკული, რადგან მიხეილ სააკაშვილს საკვების მიღება უჭირს, იღებს მხოლოდ წყალს.

„დღეს ვისმენთ „ქართული ოცნების“ მესვეურებისგან, რომ არაფერი არ ხდება ისეთი, რომ ის არის ჩვეულებრივი პატიმარი, მიიღოს არაჟანი და რძე, ქილიკი მიდის ბატონი კობახიძისგან, ასევე, მესმოდა სხვა წარმომადგენლებისგან, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ოჯახისათვის, ჩვენ ვერ ავიტანთ დაცინვას, საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის საქართველოს განვითარებაში“, – განაცხადა მან.

მან მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, რომ შევიდნენ სააკაშვილის ოჯახის მდგომარეობაში, რადგან საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს. მან მოუწოდა საზოგადოებას რომ სააკაშვილის ოჯახს მაქსიმალურად გვერდით დაუდგნენ.

„დინამიკას რომ ვუყურებთ, შეიძლება გადამწყვეტი იყოს დღეები, ყველანი უნდა გავერთიანდეთ. მე მოვივლი საქართველოს ყველა რეგიონს, აუცილებლად ჩავალ აქციაზე, რომელიც ბათუმში, 6 მაისსაა დაგეგმილი, ხელისუფლებას გავაგონებთ ხმას, რომ მიშა სააკაშვილი არ არის დასაკარგი, ეს არის ადამიანი, რომელიც უნდა გადავარჩინოთ“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი დაიწყებენ რეგიონებში მოქალაქეებთან შეხვედრებს, რათა მათ გააცნონ არსებული სიტუაცია და საჭიროების შემთხვევაში მასშტაბურ აქციებსაც გამართავენ.

„გავაგრძელებთ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან და უფრო მეტიც, ჩვენ ვაანონსებთ უწყვეტ აქციებს, რომელსაც ამ შეხვედრების შემდეგ დავიწყებთ ძალიან აქტიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს იქნება გაგრძელება იმისა, რასაც ახლა დავიწყებთ რეგიონებში. ჩვენ მოვივლით ყველა რეგიონს, დავიწყებთ აჭარიდან, მოვყვებით სამეგრელოს, გავყვებით ყველა მხარეს და შევხვდებით ხალხს. თუ საჭიროა, მოვიწვევთ მასშტაბურ აქციასაც“, – განაცხადა დავით სააკაშვილმა.


28 აპრილს მიხეილ სააკაშვილის ოჯახი წევრებმა მთავრობას საგანგებო განცხადებით მიმართეს და სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ წაყვანა მოითხოვეს.