შეწყალების რა ფორმების გამოყენება შეუძლია პრეზიდენტს - ადვოკატის განმარტება

პუბლიკა

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართა.

ლაზარე გრიგორიადისი ორ სხვადასხვა საქმეზეა მსჯავრდებული.

2023 წლის 25 სექტემბერს მას 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა მამის დაჭრის საქმეზე, ხოლო დღეს, 12 აპრილს, 9 წლით პატიმრობა მიესაჯა მარტის აქციების საქმეზე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი „პუბლიკასთან“ საუბარში განმარტავს, რომ პრეზიდენტს შეუძლია, თავისი დისკრეციული უფლებამოსილება შემდეგნაირად გამოიყენოს:

„პრეზიდენტს თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია, რომ ორივე საქმეზე შეიწყალოს მსჯავრდებული; შეუძლია, ერთ-ერთზე შეიწყალოს; შეუძლია, მისჯილი წლები გაუნახევროს“, – განმარტავს ის.

ადვოკატის შეფასებით, საქმე პოლიტიკურად მოიტივრებულია და მას იმედი აქვს, პრეზიდენტი პოლიტიკური მართლმსაჯულების ხარვეზის გამოსწორებას შეეცდება.

„ჩვენ გვაქვს იმედი, ვინაიდან საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ფაქტობრივად, ლაზარე გრიგორიადისი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი,  პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას გამოიყენებს ამ პოლიტიკური მართლმსაჯულების ხარვეზების გასასწორებლად და შესაძლებელი იქნება ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება შეწყალების აქტის საფუძველზე.

ლაზარეს პირველ საქმეზე „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არ იყო ჩართული და არ ვიცით, რა გარემოებებია, თუმცა, რომც ყოფილიყო მტკიცებულებები მისი დანაშაულის დასადასტურებლად, შეიძლება ითქვას, ის სასჯელი ლაზარემ უკვე მოიხადა, ერთ წელზე მეტია, რაც იმყოფება პატიმრობაში და პრეზიდენტმა ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს, რომ ლაზარეს პატიმრობის ვადა, რაც იმყოფება ის პენიტენციურ დაწესებულებაში, პირველი განაჩენით მისჯილი წლები მოხდილი აქვს.

რაც შეეხება ამ საქმეს, იმდენად პოლიტიკურად მოტივირებულია ეს გადაწყვეტილება, მტკიცებულებები არ იძლეოდა საშუალებას, ასეთი განაჩენი დამდგარიყო, მაგრამ ჩვენ გვქონდა ასეთი განაჩენის მოლოდინი, რადგან საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არაა დამოუკიდებელი და აღმასრულებელი ხელისუფლების დაკვეთით მოქმედებს“, – განუცხადა ცქიტიშვილმა „პუბლიკას“.

პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნის პარალელურად, ადვოკატები საქმის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებასაც აპირებენ.

დღეს მოსამართლემ მარტის აქციების საქმეზე ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს, შესაბამისად, სასჯელის ათვლა მისი დაკავების დღიდან იწყება.

ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავეს. ის მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და პოლიციის მანქანის დაწვაში იყო ბრალდებული.