შეწყალების შესახებ ივანიშვილს, გახარიას და თალაკვაძეს წინასწარ შევატყობინე - ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “რუსთავი – 2”-ის “ღამის კურიერთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გაწყვეტილების შესახებ მან ბიძინა ივანიშვილს, არჩილ თალაკვაძესა და გიორგი გახარიას წინასწარ შეატყობინა.

ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება სრულიად დამოუკიდებლად მიიღო.

„ამ გადაწყვეტილებაზე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, მაგრამ, როცა უკვე ჩემში დავრწმუნდი, რომ საჭირო იყო, შევატყობინე შტოებს, ქვეყნის ინსტიტუტებს, იმიტომ, რომ არ შეიძლება, ასეთი გადაწყვეტილება იყოს სრულიად მოულოდნელი”. – ამბობს პრეზიდენტი.

„შევატყობინე პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და „ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს“, – აკონკრეტებს სალომე ზურაბიშვილი.

მთელი რიგი სხვა დეპუტატების და მაღალჩინოსნების, მაგალითად, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, სოზარ სუბარის თქმით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.