შეწყალების წერილი დავწერე, მაგრამ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდება არ მიღიარებია – ვაჟა გაფრინდაშვილი

პუბლიკა

ორთვიანი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, მან გუშინ დაწერა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის სახელზე შეწყალების წერილი, თუმცა საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდება არ უღიარებია.

„შეწყალების თხოვნა დავწერე გუშინ საღამოს, მაგრამ იქ ბრალი აღიარებული არ მქონდა“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა. მისივე თქმით, მას აქვს შენახული წერილის ასლი, რომელიც გუშინ ბიბილოვის სახელზე დაწერა.

„მე მაქვს შეწყალების წერილის ასლი. ვინც შეწყალება შემომთავაზა, ვუთხარი, რომ ბრალდებას არ ვაღიარებ. მანვე შემომთავაზა – ისე დაწერეთ, რომ არ აღიარებთ საზღვრის დარღვევას. მე დავწერე წერილი, რომელშიც მივუთითე, რომ ტერიტორიაზე დამიჭირეს რუსებმა, მომისაჯეს ამდენი და გთხოვთ გათავისუფლებას“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

მისივე თქმით, დილით ციხის თანამშრომლები შევიდნენ საკანში და უთხრეს, რომ გათავისუფლებულია.

„დილით ათის ნახევარი იყო, დაცვის თანამშრომლები შემოვიდნენ, ნივთებზე მკითხეს, ეს ყველაფერი შენიაო? აბა ვისი უნდა იყოს-თქო. ციხის უფროსი გეძახის, გაგიშვესო. ის ბარგიც მე არ ჩამილაგებია. იქ მქონდა რამდენიმე შოკოლადი, მიწის თხილი. ვფიქრობდი, რომ ახალი წლისთვის იქ იქნებოდა პატარა ზეიმი და ვიფიქრე, რომ საერთო სუფრაზე შევიტანდი ან, თუ ადრე გამომიშვებდნენ, დავტოვებდი. 12 საათში გადაწყდა ჩემი საკითხი“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა. საოკუპაციო ძალებმა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს და ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენეს.  ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა.