შეწყვიტეთ ჩვენზე თავდასხმები და ძალისხმევა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ მიმართეთ - ISFED „ქართულ ოცნებას“

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) განცხადებას ავრცელებს, სადაც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, შეწყვიტოს ორგანიზაციაზე თავდასხმები და ძალისხმევა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ მიმართოს.

გუშინ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შვედი დიპლომატის კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე 8-დღიანი მოლაპარაკებების პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგები ოპოზიციამ გააყალბა.​ „ოპოზიციამ გააყალბა ეს. ამ NGO-მ ჩაატარა, მაგრამ ოპოზიციამ გააყალბა, ამაზე გვაქვს ინფორმაცია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„კატეგორიულად მიუღებელია მმართველი პარტიის თავმჯდომარის განუწყვეტელი მცდელობა, უსაფუძვლო ბრალდებებით დააზიანოს ორგანიზაციის რეპუტაცია. აღნიშნული მიზნად ისახავს „სამართლიან არჩევნებზე“ ზეწოლას, ორგანიზაციის საქმიანობის პარალიზებას და ემსახურება არჩევნების დაკვირვების იდეის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას“, – ამბობს ორგანიზაცია.

როგორც ორგანიზაცია ამბობს, „მმართველი პარტიის თავმჯდომარის ამგვარი რიტორიკა არ არის შემთხვევითი და სახელმწიფოს წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, საზოგადოების ყურადღებას არასწორ მხარეს მიმართავს“.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ არაერთხელ განმარტა და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ხმების პარალელურ დათვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ბოლო 18 წლის განმავლობაში ახორციელებს ხმების პარალელურ დათვლას მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. პროცესი სრულიად დამოუკიდებელია და დაცულია ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან. ამაზე მეტყველებს, წლების განმავლობაში, საზოგადოების მიერ გამოხატული ნდობა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა“, – აღნიშნავს ISFED.

ორგანიზაცია ამბობს, რომ მიუღებელია, ხმების პარალელური დათვლის შედეგების დროს დაშვებული ტექნიკური შეცდომის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია და მათივე თქმით, გამოვლენილ ხარვეზზე სამართლიანი არჩევნების მიერ პასუხისმგებლობის აღების უმაღლეს სტანდარტს წარმოადგენდა მისი გასწორება და აღმასრულებელი მენეჯმენტის ცვლილება.

„ორგანიზაცია მოუწოდებს მმართველ პარტიას, შეწყვიტოს ორგანიზაციაზე თავდასხმები და ძალისხმევა მიმართოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ“, – ვკითხულობთ ISFED-ის განცხადებაში.


„კარგი. მოდი, მაშინ, ის ვთქვათ, რაც საფუძვლიანი ბრალდებაა და დამტკიცდა“, – ISFED-ის აღნიშნულ განცხადებას Facebook-ზე ეხმაურება მმართველი პარტიის დეპუტატი შალვა პაპუაშვილი. ის პუნქტებად წერს, მისი თქმით, საფუძვლიან ბრალდებებს:

  • „პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი;
  • ISFED-მა იცოდა ეს და ერთი თვე (11 დეკემბრამდე) მალავდა;
  • ISFED-მა იცოდა ეს და 16 ნოემბერს ჩვენთან შეხვედრისას პირდაპირ მოგვატყუა, რომ არანაირი შეცდომა არ არის;
  • 8% უბნებში მეტობა და 4% ცდომილება იყო მცდარი;
  • მოკვლევის შემდეგ 29 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში ISFED-მა ეს დამალა;
  • მხოლოდ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადეს, რომ შესწორების ოქმების გათვალისწინებით მათი მონაცემები ცესკოსას დაემთხვა. თუმცა, ეს გადამწყვეტი დაზუსტება დღემდე არ ასახულა მათ განცხადებაში ან ISFED-ის ვებგვერდზე.
  • რაც მთავარია, არჩევნებიდან თითქმის 5 თვის თავზეც ISFED-ი ვერ აკმაყოფილებს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მინიმალურ სტანდარტსაც კი და არ ასაჯაროებს იმ უბნების სიას, რომლის მონაცემებსაც პარალელური დათვლის დროს დაეყრდნო.
  • დაბოლოს, სწორედ პარალელური დათვლის და ცესკოს შედეგების აცდენა იყო „გაყალბებული არჩევნების“ შესახებ დეზინფორმაციული კამპანიის და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიაზე შეურაცხყოფისა და სიძულვილის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.

მისივე მტკიცებით, ISFED-ს დღემდე არ გამოუთქვამს წუხილი, რომ მათ მიერ მცდარი ინფორმაციის გავრცელებამ, საზოგადოების დეზინფორმაციას და ასეთი სიძულვილის ტალღის აგორებას შეუწყო ხელი.