შეწყვიტეთ იუსტიციის სახლებში ბავშვებსა და თანმხლებ პირებთან ერთად სიარული – წულუკიანი

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციიდან იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართა და მოუწოდა მათ, რომ, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, ნუ მივლენ მომსახურების მისაღებად იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.

მისი თქმით, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, მოქალაქეები მაინც მიდიან სერვისცენტრებში, თანაც, ბავშვებთან ერთადაც.

„მიუხედავად ჩემი და მთავრობის არაერთი განცხადებისა, მოქალაქეების მოსვლა გრძელდება, მათ შორის, თანმხლები ბავშვებით. მინდა, ყველას კიდევ ერთხელ გთხოვოთ, შეწყვიტეთ  იუსტიციის სახლებსა და ჩვენს სხვა ინფრასტრუქტურაში ბავშვებთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად სიარული.  ასევე, თავადაც ნუ მობრძანდებით, თუ არ არის სერვისის მიღების გადაუდებელი საჭიროება. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ჩვეულებრივისგან ძალიან განსხვავებული გამოწვევების წინაშე“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, იმ მოქალაქეებმა, ვინც იუსტიციის სახლში დოკუმენტების ასაღებად მაინც მივლენ,  რიგში დგომისას უნდა დაიცვან, მინიმუმ, ერთმეტრიანი დისტანცია.