შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელი განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ქსელი, რომელიც ამ სფეროში მომუშავე 60-მდე ორგანიზაციას აერთიანებს, განცხადებას ავრცელებს და „ილო ბეროშვილის ღამის შოუს“ მოუწოდებს, შოუში გასული ვიდეოს გამო ბოდიში მოიხადოს შშმ პირთა წინაშე. 

„საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელი აღშფოთებულია ამა წლის 3 თებერვალს „მთავარ არხზე“ „ილო ბეროშვილის ღამის შოუში“ მიხეილ ანდღულაძის პერსონაჟის  მიერ  ეთერში გაჟღერებული ხუმრობის გამო, სადაც ავტორი ჰყვება, რომ პარკირების ადგილების უქონლობის გამო პატრულის დანახვისას თავი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად წარმოაჩინა, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი პარკირებით  ესარგებლა.

აღნიშნული ხუმრობა ტირაჟირებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ საზოგადოებაში არსებულ სტიგმას და აღვივებს სტერეოტიპებს. კერძოდ, ერთის მხრივ, ხელს უწყობს იმ აზრის დამკვიდრებას, თითქოსდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გარკვეული საზოგადოებრივი სიკეთეებით (მაგ. დამატებითი საპარკინგე სივრცეებით) სხვებთან შედარებით მარტივად ვსარგებლობთ, ხოლო მეორე მხრივ თავის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად წარმოჩინება თავის გამოსვლაში ავტორმა ახსნა მდგომარეობის გამოუვალობით, რითაც დააკნინა ეს სტატუსი. დაბოლოს, წარმოადგენს მაყურებლის/მსმენლისადმი ერთგვარ რჩევას, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი საპარკინგე სივრცე და თავი მოაჩვენონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებად. გარდა ამისა, ნახსენები ვართ როგორც „ინვალიდები“ (გამოუსადეგარი), რომელი ტერმინიც გამოიყენებოდა წარსულში და დიდი ხანია შეცვლილია მისი დისკრიმინაციული შინაარსის გამო.

განვმარტავთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საპარკინგე სივრცეების გამოყოფა განპირობებულია ქალაქის მასობრივად მიუწვდომელი გარემოთი, რომლის გამოც წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევაღწევთ შენობებში და მოგვესპობა გადაადგილების თავისუფლება.

მოვუწოდებთ გადაცემის ავტორებს, წაშალონ ზემოთ აღწერილი დისკრიმინაციული ვიდეო, გააკეთონ შესაბამისი განმარტება ამავე გადაცემის ეთერში და ბოდიში მოიხადონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წინაშე.

შევახსენებთ ყველა მედიასაშუალებას, იხელმძღვანელონ მაუწყებლის ქცევის კოდექსით და გაითვალისწინონ ეთიკის ქარტიის პრინციპები, ნუ შეუწყობენ ხელს დისკრიმინაციის წახალისებას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ისედაც ბევრი სირთულისა და ბარიერის გადალახვა გვიწევს, რათა საზოგადოებაში შევცვალოთ ჩვენ მიმართ არასწორი დამოკიდებულებები, შევამციროთ სტიგმა და სტერეოტიპები, რაშიც მედიის როლი უდიდესია. მედია უნდა გვეხმარებოდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებში და არა დისკრიმინაციის და არასწორი შეხედულებების წახალისებაში.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ქსელის ამ განცხადებას „მთავარი არხი” გამოეხმაურა, ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ხუმრობა უკვე წაშლილია ვებ და სოციალური მედიის გვერდებიდან.

„2024 წლის 3 თებერვალს „მთავარ არხზე“, „ილო ბეროშვილის ღამის შოუში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული არასათანადო ხუმრობა გაჟღერდა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ვიხდით ბოდიშს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაცემა არის გარე პროექტი და მზადდება „სი-ქორფორეიშენის“ მიერ, ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას „მთავარი არხის“ ეთერში გასულ გადაცემებზე.

აღნიშნული ხუმრობა უკვე წაშლილია ჩვენი არხის ვებ-გვერდიდან და სოციალური ქსელიდან. ჩვენ სისტემატიურად ვახდენთ თანამშრომლების გადამზადებას, რათა სწორად და უმაღლესი სტანდარტების დაცვით მოხდეს მაყურებლისთვის მსგავსი თემების მიწოდება. ცნობიერების ამაღლების მიზნით „მთავარ არხზე“ კეთდება არაერთი გადაცემა და, შესაბამისად, მსგავსი შემთხვევა ჩვენთვის განსაკუთრებით მტკივნეულია”. – აცხადებს „მთავარი არხი”.