შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა.
„დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია. თითოეულ სამინისტროს საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით მიეცა ინსტრუქცია, დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ, რომლებიც შესაძლებელია, ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ სგანგებო მდგომარეობაზე და ეს არ არის საგანგებო მდგომარეობის ფაზა, ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც მიმართულია პრევენციულ ღონისძიებებზე“.
მისივე განმარტებით, ქვეყანა გადავიდა ვირუსის გავრცელების ფაზაში, რაც ნიშნავს იმას რომ გაიზრდება ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა.
„ჩვენ, ჩვენი სამედიცინო სექტორი აკეთებს მაქსიმუმს, მაგრამ არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ მოსალოდნელია საქართველოში დაავადებულთა რაოდენობის ზრდა“.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, აუცილებელია, ყველა მოქალაქე დაექვემდებაროს შეზღუდვებს, დაიცვას მაქსიმალური სოციალური დისტანცია და დარჩეს სახლში.