შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 901 ფაქტი გამოვლინდა - შსს

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 901 ფაქტი გამოავლინეს.

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 70 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად, 831 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.