შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავენ. განცხადებაში, რომელსაც 20-მდე ორგანიზაცია აწერს ხელს, საუბარია შშმ პირთა უფლებების მხრივ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე.
წერილს უცვლელად გთავაზობთ.
“ბატონო გიორგი,
მოგმართავთ შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციათა და აქტივისტთა სახელით პანდეემის პირობებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
პანდემიით გამოწვეულმა შედეგებმა დაგვანახა, რომ კოვიდ-19 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის აღარ არის მხოლოდ ჯანმრთელობის კრიზისი, არამედ საფრთხე ექმნება შშმ პირთა და მათი ოჯახების სიცოცხლის, ინფორმაციაზე მისაწვდომობის, ეკონომიკური მდგომარეობის და სხვა უფლებებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად[1] სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა დამატებითი ქმედებები უნდა განახორციელონ პანდემიის პირობებში შშმ პირთა ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად, რათა დარწმუნდნენ რომ შშმ პირებს (მიუხედავად შეზღუდვის ტიპისა) პანდემიის პირობებში მიუწვდებათ ხელი საკვებზე, ჯანდაცვის და სხვა სერვისებზე, სანიტარიაზე, ცხელ ხაზზე, სამაშველო სამსახურებზე და ადაპტირებულ ინფორმაციაზე[2].
გვინდა გაცნობოთ, ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების გამო ბენეფიციართა უმეტესობა სერვისის მიღმა დარჩა და კიდევ უფრო მწვავედ გამოიკვეთა ზემოთ დასახელებული საჭიროებები. არსებულ ვითარებაში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციით განსაზღვრულ, “სარისკო და საგანგებო ჰუმანიტარული სიტუაციები”-ს მართვის სტანდარტებს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხები მომდევნო თვენახევრის განმავლობაში, ახალი შეზღუდვებისა და შშმ პირთა მკაცრი სოციალური იზოლაციის პირობებში კრიტიკულად საყურადღებოა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდების თანახმად, სასურველია მთავრობამ და არასამთავრობო სექტორმა გააძლიერონ თანამშრომლობა, რათა გაიზარდოს კონსულტირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის ეფექტურობა და პანდემიის პირობებში შშმ პირთა სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს.
გვსურს აღვნიშნოთ, რომ ვითვალისწინებთ რა ქვეყანაში შექმნილ კრიზისს, სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები და აქტივისტები მზად ვართ აქტიური თანამშრობლობისთვის, რათა შემოგთავაზოთ და განვიხილოთ ღონისძიებები, რომელიც შექმნილი სიტუაციის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ვიმედოვნებთ, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობის და რესურსების გაერთიანების შედეგად შეიქმნება დამატებით მექანიზმები, რაც გააუმჯობესებს ჩვენს ქვეყანაში შშმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების მდგომარეობას კოვიდ-19-ის პირობებში.
პატივისცემით,
მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის
ფონდი აურესი – ეკატერინე თორთლაძე
ფონდი აურესის ახალგაზრდული ფრთა – თათია დათაშვილი
ფსიქიატრიის სერვის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი (GNUSP) – ოლგა კალინა
“თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის” (PER)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის – მაია შიშნიაშვილი
CSRDG საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი – ზურაბ ტატანაშვილი
EMC ადამიანის უფლებისა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ – მარი კორკოტაძე
“კახეთის რეგიონის შშმ პირთა ინტეგრაციის ცენტრი” – ლადო ჭინჭარაული
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის დირექტორი – თამარ მახარაძე
შშმ პირთა უფლებადამცველი აქტივისტები:
დავით ბიბილეიშვილი
ესმა გუმბერიძე
კობა ნადირაძე
გელა ბერაძე
იზა გიგაური
რამინი მაჭარაშვილი
თემურ კაკაბაძე