შეზღუდვების მოხსნას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ – გაბუნია

პუბლიკა

24 დეკემბრიდან არასასურსათო სავაჭრო ქსელებსა და ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე შეკითხვას უპასუხა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, სამინისტროს რეკომენდაციაა, მიმდინარე კვირაში დააკვირდნენ სტაბილიზაციის ნიშნებს და ვითარების გათვალისწინებით მიიღონ შეზღუდვის მოხსნაზე გადაწყვეტილება.

„ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეზღუდვების შემსუბუქებას. ის შედეგი, რომელიც მივიღეთ, არის ერთმნიშვნელოვნად შეზღუდვების შედეგი. ჰოსპიტალური სექტორი ბოლო ორი თვის განმავლობაში მუშაობდა მაქსიმალური დატვირთვით და ჩვენ რომ ისევ დავუბრუნდეთ ამ მაჩვენებელს იანვრის დასაწყისში, ეს იქნება უკიდურესად რთული. ჩვენი რეკომენდაციაა, დავაკვირდეთ ამ კვირაში სტაბილიზაციის ნიშნებს და შესაბამისად მივიღოთ შეზღუდვების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილება“. – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გრაფიკის მიხედვით 24 დეკემბერიდან 2 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები, რომელიც არასასურსათო სავაჭრო ობიექტებსა და ტრანსპორტზე ვრცელდება, უნდა მოიხსნას. თუმცა ამ დრომდე მთავრობას გადაჭრით არ უთქვამს, რომ 24 დეკემბერს მოიხსნება შეზღუდვა სავაჭრო ქსელებისთვის.