შიდა ქართლში მოზარდს ე.წ. ქურდული სამყაროს უპატივცემულობის მიზეზით ფიზიკურად გაუსწორდნენ

პუბლიკა

შიდა ქართლში მოზარდს კრიმინალური სამყაროს უპატივცემულობის მიზეზით ფიზიკურად გაუსწორდნენ – ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ქართლის ამბები“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი სკოლის მშობლების ჯგუფში აქტიურად განიხილავენ ფაქტს, რომელიც მოზარდის მიმართ სასტიკ ანგარიშსწორებას უკავშირდება.

„ქართლის ამბების“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა მშობელმა მათ განუცხადა, რომ რამდენიმე პირმა სასტიკად სცემა არასრულწლოვანს ტიკტოკზე კრიმინალური სამყაროს მიმართ დაწერილი უარყოფითი კომენტარის გამო.

„ეს ბავშვი მოათავსეს საავადმყოფოში. 10-15 ადამიანი იყო, ვინც ცემაში მონაწილეობდა. ზოგი არასრულწლოვანი იყო, ზოგი ალბათ დიდიც. ჩვენც გვეშინია, შვილები გვყავს. იქნებ დაინტერესდეთ ამ ამბით. როგორც ვიცით, პოლიციაში დაკითხვაზე იყვნენ უკვე, მაგრამ  შედეგი არ ვიცით” – ამბობს ერთ-ერთი მშობელი „ქართლის ამბებთან“.

„პუბლიკა” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.