შიკორსკი: რუსთმა განზრახ დაარღვია პოლონეთის საზღვარი, მათი განცხადებები ტყუილია

პუბლიკა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო საზღვრის დარღვევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლონეთის შეფასებით, მათ კურსი არ შეუცვლიათ – დრონებმა მიზანმიმართულად დაარღვიეს საზღვარი.

ვიდეომიმართვაში შიკორსკიმ თქვა:

„პოლონეთის საჰაერო თავდაცვამ აღნიშნული დროები ნიდერლანდების, გერმანიისა და იტალიის მხარდაჭერით ჩამოაგდო. ნივთები დაზიანდა, მაგრამ, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. როგორც პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა შეგვახსენა, მიუხედავად იმისა, რომ NATO ომში ჩართული არ არის, რუსეთის აგრესია უკრაინას სცდება.

ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადავდგით დაუყოვნებლივი ნაბიჯები.

მე დავუკავშირდი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასს და ეუთოს თავმჯდომარე ელინა ვალტონენას. ჩვენ ჩვენს მოკავშირეებს მადლობას ვუხდით სოლიდარობისა და დახმარებისთვის მზადყოფნის გამო. პოლონეთმა გაააქტიურა NATO-ს წესდების მე-4 მუხლი, რომელიც უზრუნველყოფს NATO-ს მოკავშირეების ერთობლივ კონსულტაციებს, მაშინ, „როცა რომელიმე მათგანი მიიჩნევს, რომ მის უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა საფრთხე ემუქრება”.

ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის პროვოკაციები მოითხოვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას”.

მისივე განცხადებით, ტყუილი და რუსული დეზინფორმაციის ნაწილია, თითქოს მომხდარი უკრაინის პროვოკაციაა.

„ვიცი, რომ რუსეთი აცხადებს, თითქოს არ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ დრონები რუსულია და უკრაინულ პროვოკაციაზე იძლევა მინიშნებებს. ეს მოსალოდნელი იყო. ტყუილი და უარყოფა სტანდარტული საბჭოთა პასუხია. კრემლი კვლავ დასცინის პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას.

ჩვენ ვებრძვით დეზინფორმაციას – ყველას მოვუწოდებ, დაეყრდნონ ოფიციალურ ცნობებს და სანდო მედიას.

ყველა, ვინც ირწმუნება, რომ ეს უკრაინული პროვოკაცია იყო, რუსულ პროპაგანდას ავრცელებს.

პოლონეთი, ევროკავშირი და NATO არ შეშინდებიან და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მამაცი ხალხის გვერდით დგომას. დროა, რუსეთის ხელმძღვანელობამ გაიგოს, რომ ევროპის უკანასკნელი იმპერიის აღდგენის მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული“, – აცხადებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.