შიმშილობას არ წყვეტს. გადასხმამ და მკურნალობამ შედარებით კარგი შედეგი გამოიღო - ექიმი

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მესამე პრეზიდენტის ციხეში მონახულების შემდეგ ამბობს, რომ გადასხმამ და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ კარგი შედეგი გამოიღო.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ზუსტად ისეთივეა, როგორიც გუშინ იყო. ეს ნიშნავს, რომ გადასხმამ და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ შედარებით კარგი შედეგი გამოიღო.

შიმშილობას არ წყვეტს, არ უნდა არავითარ შემთხვევაში, რომ გადაიყვანონ გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში. თანახმაა ჰოსპიტალიზაციაზე სამოქალაქო სექტორში, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი საავადმყოფოში იქნება”, – განაცხადა ექიმმა.


საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა დღეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მორიგი ბრიფინგი გამართეს და რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენეს. მათი თქმით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის არასაკმარისი პირობების გამო ეწინააღმდეგებიან.

დღეს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დღის ბოლოს განცხადებაც გაავრცელა.

ომბუდსმენის თქმით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

იუსტიციის მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულიად გამართული პაციენტის მისაღებად.