„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც მე-8 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს, აცხადებს, რომ გუშინ ჩაუტარდა ანალიზი, რომელმაც აჩვენა, რომ „რამდენიმე მაჩვენებელი იყო იმდენად საშიში, რომ აუცილებელი იყო გადასხმა“ და გუშინ ჩაუტარდა პირველი გადასხმა.
ელენე ხოშტარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიიღებს მხოლოდ იმ სამედიცინო დახმარებას, რომელიც აუცილებელია სასიცოცხლო მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად.
„რომელიც აგვარიდებს თავიდან იმას, რომ ლეტალური შედეგი დადგეს ან მე ადეკვატურობა დავკარგო. ახლა ჩემი შიმშილობის რეჟიმი იქნება, რომ ბოლომდე, რამდენი ხანიც იქნება საჭირო, ვიბრძოლო“, – განაცხადა ხოშტარიამ.
„დროას“ ლიდერმა მადლობა გადაუხადა იმ დეპუტატებსა და მხარდამჭერებს, რომლებიც მას კითხულობენ და ჯანმრთელობის მდგომარეობით ინტერესდებიან. ხოშტარიამ მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას იმისთვის, რომ პარლამენტში შეუფერხებლად შემოდის სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ვიზიტის პრობლემები არ ექმნებათ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
ხოშტარიამ აქვე აღნიშნა, რომ ვინც მისი ჯანმრთელობის შესახებ წუხს და აქვს ბერკეტი, დააკმაყოფილონ სააკაშვილის ჰოსპიტალიზების მოთხოვნა და შეწყდება მისი შიმშილობაც.
„ძალიან გამიხარდა, რომ წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ენძელა მაჭავარიანი შემეხმიანა. კომუნიკაცია აღარ ყოფილა და ის ვერც გასცდება მოკითხვას. მე არ მაქვს ილუზია, რომ დეპუტატები, ვინც აქ მოდიან, იღებენ გადაწყვეტილებებს. ამიტომ ადამიანურ მოკითხვაზე ყველას მადლობელი ვარ, მაგრამ ერთი რამ უნდა გვესმოდეს, გამოსავალი არის ძალიან მარტივი – სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა. ის, ვინც ჩემზე წუხს და მართლა წუხს ამ მდგომარეობაზე, მათ აქვთ კონსტიტუციით გარანტირებული და არა ივანიშვილისგან მინიჭებული ინსტრუმენტი, რომ ეს საკითხი გადაწყვიტონ, ვინც წუხს, ეს მარტივია – მე ხომ არ ვითხოვ მთავრობაში მომიყვანეთთქო, ადამიანი გადაიყვანეთ კლინიკაში. ამიტომ ყველას მადლობელი ვარ, ვინც მოდის, კახა კუჭავას მადლობელი ვარ, რომ აქ სამედიცინო ბრიგადა მუდმივად არის, არც ოჯახის წევრებს, არც ჩემს მეგობრებს შეფერხებები არ აქვს, ამისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ რეალური განმუხტვა სიტუაციის სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაა,“ – განაცხადა ხოშტარიამ.
აქვე ელენე ხოშტარიამ ოპოზიციის აქციების ტაქტიკა შეაფასა, როგორც გონივრული ტაქტიკა. მისი თქმით, მოულოდნელი, დამქანცველი და დისკომფორტულია ეს ტაქტიკა ხელისუფლებისთვის.
მან საქართველოს ხელისუფლება ბელორუსიისა და რუსეთის რეჟიმებს შეადარა და პოლიციის ქცევას ისტერიული უწოდა.
„ვერ დააკავებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ამ ქვეყანაში არის უმრავლესობაში“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
„დროას“ ლიდერი გამოეხმაურა საერთაშორისო შეფასებებსაც და აღნიშნა, რომ მათში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ სააკაშვილი გადაიყვანონ ღირსეულ კლინიკაში.
მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პარტნიორები ხედავენ ოპოზიციის გონივრულ, მშვიდ და შეუპოვარ ბრძოლას და ხელისუფლების მიერ ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფუნდამეტური უფლებების შელახვას.
„ოპოზიცია არის გონივრული., არ წამოეგო პროვოკაციას, რომელიც მოაწყო ხელისუფლებამ, ოპოზიცია ძალიან მკაფიო გეგმით მოქმედებს, მშვიდობიანად და პრინციპულად. ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ, არ არსებობს, ბრძოლამ არ გამოიღოს შედეგი.