შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურს გელა გელაძე შეცვლის.

გელაძე შს მინისტრის პოსტზე „ქართული ოცნების“  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

გელა გელაძე წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. 2004-2012 წლებში, გელაძე შსს-ში ჯერ გამომძიებლად, შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად მუშაობდა. ამის შემდეგ კი კრიმინალურ პოლიციაში განყოფილების უფროსის მოადგილე იყო:

2004 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის საგამოძიებო სამსახური გამომძიებელი;

2004-2005 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი;

2005 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ზედამხედველი;

2005 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი;

2005-2006 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე;

2018 – 2023 იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი;

2023 – 2024  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე.

შემდგომში ის იკავებდა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. შსს-ს მინისტრად დანიშვნამდე კი იყო სუსის უფროსის მოადგილე.

„მადლობა მინდა, გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან დიდი პატივისცემით მინდა, მივმართო ვახტანგ გომელაურს, მან ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბოლო წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში. ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო ამ უწყებას, ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვემსახურო ჩვენ ქვეყანას და ხალხს“, – განაცხადა გელა გელაძემ წარდგენის შემდგომ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ შს მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა.