შირინ ებადი: იმედია, მზია ამაღლობელი მალე გამოვა ციხიდან და გააგრძელებს საკუთარ საქმეს

პუბლიკა

შირინ ებადი, ირანელი იურისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი, ნობელის პრემიის 2003 წლის ლაურეატი მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას წერილით ეხმაურება.

წერილში, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი მიუნხენიდან ავრცელებს, ებადი ამბობს, რომ შეზღუდვების დაწესება და ჟურნალისტების დაკავება არავითარ შემთხვევაში არაა გამართლებული:

„სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის საძირკველია.

შეზღუდვების დაწესება და ჟურნალისტების დაკავება არავითარ შემთხვევაში არაა გამართლებული.

იმედი მაქვს, მზია ამაღლობელი რაც შეიძლება მალე გამოვა ციხიდან და გააგრძელებს საკუთარ საქმეს“, — წერს შირინ ებადი წერილში.

დამოუკიდებელი მედიის „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 35-ე დღეა, შიმშილობს.

ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს დააკავეს. დაკავების დროიდან ის მხოლოდ წყალს იღებს.

მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად.

მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.