უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ამბობს, რომ უკრაინა არ გააგრძელებს რუსული გაზის ტრანზიტის ხელშეკრულებას, მას შემდეგ, რაც მისი ვადა ამოიწურება. ამ თემაზე მან სლოვაკეთის პრემიერ, რობეტ ფიცოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მხარეებმა მოლაპარაკებები გამართეს დასავლეთ უკრაინაში, უჟგოროდში, უკრაინელი ოფიციალური პირის თქმით, ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ თანამშრომლობაზე, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და კიევის სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერაზე.
„უკრაინა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ გააგრძელებს რუსეთთან სატრანზიტო შეთანხმებას ვადის ამოწურვის შემდეგ. უკრაინის სტრატეგიული მიზანია კრემლს წაერთვას ნახშირწყალბადების გაყიდვით მიღებული მოგება, რომელსაც აგრესორი ომის დასაფინანსებლად იყენებს“, – თქვა შმიგალმა.
სლოვაკეთი – NATO-სა და ევროკავშირის წევრი – ეწინააღმდეგება კიევის NATO-ში გაწევრებას, მაგრამ დიდი ინტერესი აქვს, შენარჩუნდეს რუსეთიდან დასავლეთში უკრაინის გავლით ნავთობისა და გაზის ტრანზიტი.