პენტაგონის პრესსპიკერის ჯონ კირბის თქმით, რუსეთის თავდაცვის უმაღლესი პირები მათთან საუბარზე მუდმივად უარს აცხადებენ, რაც მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შესახებ გაურკვევლობას ზრდის.
ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსა და რუსეთის გენშტაბის უფროსთან ვალერი გერასიმოვთან თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული ძალების ხელმძღვანელი გენერალმა მარკ მაილი ცდილობდნენ დაკავშირებას, მაგრამ მოსკოვი უარს აცხადებს მათთან კონტაქტზე.
უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა NATO-ს წევრი პოლონეთის საზღვართან სიახლოვეს, სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიმწოდებელი კოლონები მათი ლეგიტიმური სამიზნე იქნებოდა. ასევე მედიაში რამდენჯერმე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინაში შეიძლება გამოიყენოს ქიმიური იარაღიც. რაზეც დღეს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი პასუხს მიიღებს.
სამხედრო საკითხების სპეციალისტები The Washington Post-თან ამბობენ, რომ კომუნიკაციის ნაკლებობა აშშ-სა და რუსეთის თავდაცვის სფეროს უმაღლეს წარმომადგენლებს შორის შემაშფოთებელია და ესკალაციის კიდევ უფრო გაღრმავების რისკებს ზრდის.