რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით, ახლო აღმოსავლეთიდან 16 000-მა ადამიანმა გამოთქვა უკრაინაში ომში ჩართვის სურვილი. ამის შესახებ შოიგუმ პუტინის მიერ გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.
უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის იდეა მოიწონა რუსეთის პრეზიდენტმა. პუტინმა შოიგუს მიმართა, რომ თუკი არიან ადამიანები, ვისაც მოხალისეობრივად სურს დონბასში ხალხის დახმარება, მაშინ მათ უნდა უზრუნველყონ, რომ ეს ადამიანები საომარ ზონაში მოხვდნენ.
ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინაში რუსეთის მხარდასაჭერად ხალხის ჩაყვანაზე ინფორმაცია პირველად Wall Street Journal-მა გაავრცელა. წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერდა, რომ სირიაში, რომელსაც პუტინის მხარდაჭერილი ბაშარ ალ ასადის რეჟიმი მართავს, კრებდნენ სამხედრო გამოცდილების მქონე პირებს და პირდებოდნენ ანაზღაურებას, თუკი უკრაინის ომში ჩაერთვებოდნენ.
გამოცემა წერდა, რომ კრემლს ურბანულ დასახლებებში ბრძოლის უკეთ მცოდნე პირებით რუსული არმიის დახმარება სურს.