შოკირებული ვარ იმის გაგებით, რომ თავს დაესხნენ გიორგი რურუას - ევროპარლამენტარი

პუბლიკა

ევროპარლამენტარის ანა ფოტიგას განცხადებით, ის აღშფოთებულია საპატიმროში გიორგი რურუაზე მომხდარი თავდასხმით და პატიმრის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

„უკიდურესად შოკირებული ვარ იმის გაგებით, რომ გიორგი რურუას თავს დაესხნენ ციხეში და სასტიკად სცემეს. მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება მთელი პასუხისმგებლობა“, – წერს ანა ფოტიგა.

ანა ფოტიგა ჯოზეფ ბორელს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მოუწოდებს, დაინტერესდეს მომხდარით და მიიჩნევს, რომ ევროპელმა დიპლომატებმა რურუა უნდა მოინახულონ და შეაფასონ სიტუაცია.


გუშინ, 2 ნოემბერს, გიორგი რურუას ციხეში თავს დაესხნენ. მიაყენეს დაზიანებები,  სახეზე აღენიშნება სისხლნაჟღენთები. მას თავს რამდენიმე ადამიანი დაესახა. გუშინვე, პენიტენციური სამსახურმა რურუაზე თავდასხმის კადრები გაავრცელა.

„პუბლიკას“ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, რომ გიორგი რურუაზე თავდასხმის საქმეს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია იძიებს.


„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

რურუა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ, პოლიტიკური დევნის საფუძველზე, მას იარაღი ჩაუდეს.