შოლცი: 12 კრიტერიუმი დასახელებულია, ეს უკვე თვითონ ქვეყანამ უნდა გააკეთოს

პუბლიკა

“12 კრიტერიუმი დასახელებულია, რომლებიც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მისაღებად, თუკი ეს პირობები შესრულდება, გერმანია საქართველოს დაეხმარება ამაში, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შოლცის განცხადებით, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს მხარი დაუჭიროს იმ კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის.

„ჩვენ დიდი წვლილი შევიტანეთ იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ევროკავშირის საბჭომ უკვე მიიღო და ეს გახლავთ ევროპული პერსპექტივა. 12 კრიტერიუმი დასახელებულია, რომლებიც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს არის უკვე ის, რაც თვითონ ქვეყანამ უნდა გააკეთოს, უნდა მიაღწიოს ამას. თუკი ეს პირობები შესრულდება, რომლებიც აუცილებელია – დემოკრატიული, სუვერენული ქვეყნების სამართლებრივი სახელმწიფოსა და სოციალური, საბაზრო ეკონომიკების წრეში შესვლა, მაშინ, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანას შეუძლია და გერმანია საქართველოს დაეხმარება ამაში. თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში გამოვედი სიტყვით. იქ პირდაპირ ვილაპარაკე ამის შესახებ და მე ამ ევროპულ ადგილას, ევროპულ ქალაქში წავიკითხე სწორედ ეს სიტყვა, რომელშიც ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი აზრი ამაზე“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.