გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდა.
განცხადების დროს ოლაფ შოლცმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი კვლავ უკან გაიხმობს რუსულ კანონს.
„ჩვენ ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი „აგენტების შესახებ“ კანონს. მას შემდეგ, რაც ეს კანონი შეჩერდა, იმედი გვქონდა, ის აღარ დადგებოდა დღის წესრიგში. ახალი კანონპროექტი პრაქტიკულად არ შეცვლილა, ის თითქმის იგივეა, რაც შარშან და დიდი იმედი გვაქვს, ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას.
ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის.
მოხარული ვართ, რომ ბევრი რეფორმა ტარდება, რომელიც უნდა გაგრძელდეს, სასამართლოს რეფორმას ვგულისხმობ, საპარლამენტო კონტროლის და დეოლიგარქიზაციის რეფორმებს, რომლებიც მნიშვნელოვანია. საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს, ესაა საფუძველი კანდიდატის სტატუსის პროცესის შემდეგი განვითარებისთვის“, – განაცხადა შოლცმა და საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა [თარჯიმნის სინქრონული თარგმანი].
ოლაფ შოლცს შეკითხვით მიმართა „იმედის“ ჟურნალისტმა, რომ „იმ ფონზე, როცა ევროპის ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული იგივე ან მსგავსი კანონმდებლობა, რატომ არიან შეშფოთებული ევროპელი პარტნიორები“, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა.
„ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, გამჭვირვალობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროებში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ და ჯერ არც არის გადაწყვეტილი და დიდი ალბათობით, არც იქნება გადაწყვეტილი“, – განაცხადა შოლცმა. [თარჯიმანის სინქრონული თარგმანი]