შოთა არველაძე ბიბლიოთეკების იმ პროექტს დააფინანსებს, რომელიც კულტურის სამინისტრომ შეაჩერა

პუბლიკა

ფეხბურთელი შოთა არველაძე ამბობს, რომ ერთვება ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შევსების იმ პროექტში, რომელიც კულტურის სამინისტრომ შეაჩერა.

როგორც ის წერს, მისი გადაწყვეტილებით, 64 ბიბლიოთეკის წიგნებით შევსება სრულად დაფინანსდება.

„სინანულით უნდა ვთქვა, რომ ხშირად გვიჭირს ჩვენი ყურადღების იმ ქალაქებისა და სოფლებისთვის დათმობა, რომლებშიც უამრავი ნიჭიერი მოზარდი ელემენტარული საჭიროებების გარეშე ცხოვრობს. ამის ფონზე, ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველოში არსებული 64 ბიბლიოთეკა დარჩეს ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამის გარეშე, როგორიცაა ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია. ამ პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, 64 ქალაქის ბიბლიოთეკა სრულიად ახალი წიგნებით მარაგდება.

არ ვისაუბრებ დეტალებზე და არც იმაზე, რა მიზეზით შეჩერდა ეს პროექტი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა რამეა: არცერთი მოზარდი და რეგიონში მცხოვრები ადამიანი არ უნდა დარჩეს განახლებული ლიტერატურისა და საჭირო წიგნის გარეშე. რთულ პირობებში ცხოვრების პარალელურად, წიგნი შეიძლება ერთ-ერთ იშვიათ შესაძლებლობად ჩავთვალოთ, რაც ცხოვრებას უფრო ხალისიანს, საინტერესოსა და იმედით სავსეს ხდის”, – წერს ის. 

მისი თქმით, სწორედ ამიტომ ერთვება პროექტში და სრულად დაფინანსდება 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვის და განახლების პროგრამა, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს.

„ჩემს ჩართულობას აქვს ორი მიზანი: გადარჩენა და წახალისება – გადარჩენა უმნიშვნელოვანესი პროექტის და წახალისება მკითხველისა და ახალი თაობის, რათა მეტი მოტივაციით გააგრძელონ სწავლა და შემეცნება.

მადლობა შესაძლებლობისთვის საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას. იმედი მაქვს, პროექტში აქტივობების სახით არაერთი სპორტსმენი, მწერალი და მოზარდებისთვის საყვარელი ავტორი ჩაერთვება”, – ამბობს შოთა არველაძე.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, გვანცა ჯობავამ 28 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კულტურის სამინისტრომ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უარი თქვა იმ ერთადერთ პროექტზეც, რომელიც წელიწადში ერთხელ საქართველოს 65 მთავარ ბიბლიოთეკას დაახლოებით 900-900 ლარის ღირებულების სრულიად ახალი წიგნებით ამარაგებდა.