შოთაძე ადასტურებს, რომ ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების საქმის გამოძიება გრძელდება

პუბლიკა

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ დაადასტურა, სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების საქმის გამოძიება გრძელდება

„ფაქტზე გამოძიება გრძელდება. შემიძლია, დაგიდასტუროთ. მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა შეზღუდულია. პრეზიდენტზე ვრცელდება იმუნიტეტი და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება შესაძლებელია იმპიჩმენტის შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტს. გამოძიება გრძელდება, ის დაწყებულია რამდენიმე წლის წინ საჯაროდ ცნობილ გარემოებებზე დაყრდნობით”. – თქვა ირაკლი შოთაძემ.

2019 წლის 28 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის, მკვლელობისთვის გასამართლებული პირები: რამაზ დევაძე, ასლან ბეჟანიძე და ზურაბ ნადირაძე.

2019 წლის 20 სექტემბერს პროკურატურამ ამ საკითხზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.