შოთაძის აზრით, პროკურატურისადმი ნდობას დაბალი სამართლებრივი ცნობიერება ამცირებს

პუბლიკა

ამ წუთებში საპროკურორო საბჭოში ყოფილ  გენერალურ პროკურორს, ამავდროულად, გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენენ.

მისი თქმით, ჩასატარებელია საგანმანათლებლო ღონისძიებები, რათა ყველას დავანახოთ ის როლი, რაც პროკურორს აკისრია.

„არა მარტო საზოგადოება, არამედ ხშირად ჟურნალისტებიც ვერ ხედავენ განსხვავებას პროკურატურასა და სხვა სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის. ასევე, გაუგებრობას იწვევს ის სხვადასხვა საპროცესო მოქმედება, თუ რომელიმე საქმეზე აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეეფარდება, საზოგადოებაში იქმნება აღქმა, რომ საქმე დასრულდა გირაოს თანხის გადახდით. სანამ საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერება არ ამაღლდება, საუბარი ნდობის ამაღლებაზე, რთულია“, – ამბობს ყოფილი გენერალური პროკურორი,  გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე.


საპროკურორო საბჭო შექმნილია საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად „პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად“.

საბჭო, შედგება ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისაგან. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს 2 წლის ვადით ირჩევს საპროკურორო საბჭო.

საბჭოს წინაშე წარდგენილი გენერალური პროკურორობის კანდიდატები არიან: რაულ გამისონია, სოფიო შენგელია, პაატა გაბელია, ვალერიან ვაჭარაძე, მერაბ გამყრელიძე, დავით კოდანაშვილი, დავით ზირაქაშვილი, ვიქტორ ახალბედაშვილი, კობა კობახიძე, დარიკო თორდია, ვალერი კვანტალიანი, გელა ჩივაძე, რამაზ ჩინჩალაძე, ალექსანდრე კობაიძე და ირაკლი შოთაძე.

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას 2015 წლის ნოემბრიდან იკავებდა, მან თანამდებობა ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებული პროტესტის ფონზე დატოვა.