შოუს დადგმის საშუალებას არავის მივცემთ - კობახიძე უკრაინელი ჟურნალისტის არშემოშვებაზე

პუბლიკა

პარტიან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე უკრაინელი ჟურნალისტის საქართველოში არშემოშვებაზე ამბობს, რომ შოუს მოწყობის საშუალებას არავის მისცემენ.

„პატარა კუდები რჩება იმ ადამიანების გამო, რომლებიც ცდილობენ აქედან შოუ მოაწყონ, მაგრამ გარწმუნებთ, 30 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილის თემა დღის წესრიგიდან საერთოდ გაქრება. აქედან გამომდინარე გაქრება ყველანაირი უხერხულობა, რაც დღემდე არსებობდა საქართველოსა და უკრაინას შორის. რაც შეეხება კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების შემოშვებას საქართველოში, ეს არის შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი და იგივე რამ შეიძლება მოხდეს უკრაინაშიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ამერიკის შეერთებული შტატებში გერმანიის მოქალაქეების მიმართ და ა.შ. ერთი არის მთავარი, რომ შოუს დადგმის შესაძლებლობას არავის მივცემთ. რაც შეეხება იმას, რატომ არ შემოუშვა კონკრეტულმა უწყებამ საქართველოში კონკრეტული პირი, განმარტებას ვერ გავაკეთებ“,- განაცხადა კობახიძემ.

27 ოქტომბერს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს უკრაინელ ჟურნალისტს, დიმიტრი გორდონს და მის მეუღლეს, ალისია ბაცმანს.

შს სამინისტროს ამ დრომდე არ უთქვამს, რატომ ეთქვათ უარი უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლაზე.