საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განიხილეს დადგენილების პროექტი, რომლის საფუძველზეც შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებული ადამიანები ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ.
„დღეს განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლის საფუძველზეც შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებული პირები, ამ ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები, მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მათთვის შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას.
აღნიშნული სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში შესაბამისი სერტიფიკატების მქონე ცენტრებსა და დაწესებულებებში“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის შედეგად დაიღუპნენ ადამიანები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. ოფიციალურად დადასტურებულია 31 ადამიანის გარდაცვალება, 2 ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ.