შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანა სამძიმრის წერილებს ავრცელებს

პუბლიკა

შოვში მომხდარ ტრაგედიას სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყება გამოეხმაურა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას. მათივე ცნობით, დიპლომატები, ელჩები, სხვადასხვა წარმომადგენლობის დელეგაციები სამძიმრის წერილებს გზავნიან.

„ამ დროისთვის რაჭის რეგიონში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურნენ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, სლოვაკეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროები, ევროკავშირის, აშშ-ის, თურქეთის, შვედეთის, უკრაინის, პოლონეთის, ავსტრიის, წმინდა საყდრის და სამხრეთ კავკასიაში ფინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, ასევე, დანიის ისრაელისა და გერმანიის ელჩები საქართველოში”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებაში. უწყება ავრცელებს სამძიმრის წერილებს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნისგან მივიღეთ შავში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით:

„ვგლოვობთ შოვის რეგიონში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად დაღუპულებს და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულები უვნებლად დაბრუნდებიან. ამ ტრაგედიის დროს, ჩვენ გულით საქართველოს ხალხთან ვართ“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვე რაჭის რეგიონში მომხდარი სტიქიის შესახებ, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მოძმე ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ამ მძიმე წუთებში, ხოლო დაღუპულთა ნათესავებს გამძლეობას და მოთმინებას ვუსურვებ“, – წერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი.

სამძიმრის წერილს ავრცელებს ლატვიის საგარეო უწყებაც: „სამძიმარს ვუცხადებთ შოვში ტრაგიკული მეწყრის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახებს. ჩვენ ფიქრებით საქართველოს ხალხთან ვართ და დაკარგულთა უვნებლად გადარჩენის იმედი გვაქვს“, – ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.

„ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში სამძიმარს უცხადებს შოვში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციას და იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქიის ზონაში დაკარგული და ჩარჩენილი ადამიანები უვნებლად დაბრუნდებიან სახლებში“, – ნათქვამია ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაში.

 

შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს დაახლოებით 4 საათისთვის სასტუმრო „სანსეტ შოვის” მიმდებარედ ჩამოწვა. ამ დროისთვის, დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მეწყერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შოვში სამძებრო და სამაშველო ოპერაცია გრძელდება.