შოვში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - შსს

პუბლიკა

შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. უწყების ინფორმაციით, 5 ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ.

„ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. სამუშაოები მიმდინარეობს მდინარეების – რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, მცურავი საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი. მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 28 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შოვში, სტიქიიდან 17 დღეა გასული. დადასტურებულია 28 ადამიანის გარდაცვალება, იდენტიფიცირებულია 25 ცხედარი.