შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგური მართვაში ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა

პუბლიკა

შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ 100%-იანი წილის მართვის უფლებით ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა.

შესაბამისი განკარგულება 18 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ გამოსცა.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით, უსასყიდლოდ, პირდაპირი გადაცემის ფორმით, არსებობის ვადით გადაეცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება”, – წერია კობახიძის განკარგულებაში.

შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგური 2023 წელს შეიქმნა. კომპანიამ საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა უნდა უზრუნველყოს.

2024 წლის 29 მაისს ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორის კონკურში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი გამოცხადდებოდა.

China Communications Construction Company Limited (China) – CCCC იმ კონსორციუმში შემავალი კომპანიაა, რომელიც, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორად შეირჩა.

CCCC-ს 2020 წელს 34 შვილობილი კომპანია ჰყავდა. მათგან 5-ს ამერიკის შეერთებულმა შტატების ვაჭრობის დეპარტამენტმა 2020 წლის 26 აგვისტოს სანქციები დაუწესა.

ამასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმზე არც საერთაშორისო და არც აშშ-ს სანქციების არ ვრცელდება.

აშშ-ის მიერ სანქცირებულია კონსორციუმის ერთ-ერთ წევრი კომპანია China Communications Construction Company Limited და არა მთლიანად კონსორციუმი – აცხადებდა სამინისტრო.

2024 წლის 1 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებისთვის ბელგიური კომპანია შეირჩა. კომპანიამ ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის მშენებლობის სამუშაოები უნდა შეასრულოს.

ანაკლიაში პორტის მშენებლობა 2017 წლიდან დაიგეგმა. პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ აღნიშნეს.

2020 წელს ანაკლიის კონსორციუმს ხელშეკრულება შეუწყდა.

საარბიტრაჟო სასამართლომ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე განხილვა დაასრულა და დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, არბიტრაჟმა მოსარჩელეს მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზეც უარი უთხრა და მას საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.