შპს „ლიდერის“ პროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი გამოვლინდა - სააგენტო

პუბლიკა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სახეობრივი კვლევის შედეგად ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერის“ (გლდანი ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) შემოწმებისას, სახეობრივი კვლევისთვის ნიმუშები აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია.

სააგენტოს ცნობით, კვლევის შედეგად ფარშის შემადგენლობაში ცხენისა და ვირის დნმ გამოვლინდა. ობიექტს, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, პროდუქციის ამოღება/გამოთხოვა დაევალა, რის აღსრულებაზეც ზედამხედველობას სააგენტო ახორციელებს.

ასევე, სააგენტოს ინსპექტორებმა გადამოწმებისას ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები განმეორებით აიღეს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული ფაქტი მოკვლევის მიზნით სამართალდამცავ უწყებებს გადასცა.