„შქმერი ისევ საფრთხის ქვეშ დგას“ | რაჭაში კომპანიას მანგანუმის მოპოვების განახლება სურს

პუბლიკა

შქმერის საინიციატივო ჯგუფი აცხადებს, რომ სოფელ შქმერში შესაძლოა, განახლდეს მადნის შესწავლითი სამუშაოები, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება. როგორც ჯგუფის წევრი გოგა გაგნიძე ამბობს, შქმერელები კომპანიის მუშაობას კანონიერი გზებით შეეწინააღმდეგებიან. მათ შორის, შეიძლება საპროტესტო აქციებიც განახლდეს.

„მიუხედავად სოფლის აქტივისტთა და მათ მხარდამჭერთა მრავალი მცდელობისა, რომ სადავო საკითხები მოგვარებულიყო ყველა კანონიერი გზით და ოფიციალურ უწყებებთან კომუნიკაციის მეშვეობით, აშკარაა, რომ პრობლემა უბრუნდება საწყის წერტილს და შქმერი ისევ საფრთხის ქვეშ დგას”, – ამბობენ ისინი.

მოსახლეობა კვლავ მოითხოვს, მათი თქმით, უკანონო ლიცენზიის გაუქმებას და დაანონსებული სამუშაოების შეჩერებას.

„ვინაიდან პროტესტის საფუძველი ისევ არსებობს, და აქტუალობა არასდროს დაუკარგავს, პროტესტის მონაწილეები, სხვადასხვა კანონიერი გზით გააგრძელებენ მოქმედებებს საბოლოო მიზნამდე – მხარის გადარჩენამდე“, – ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.

რაჭაში, სოფელ შქმერში მანგანუმის მოსაპოვებლად შესწავლა-მოპოვებითი სამუშაოების განახლებას კომპანია „შპს მნ ნორთი“ აპირებს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა სოფლის გამგებელს წერილით აცნობა.

შქმერელების მიერ გავრცელებული წერილის მიხედვით, კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ნინიკაშვილი წერს, რომ „მნ ნორთს“ მანგანუმის მოპოვების 10-წლიანი ლიცენზია 2021 წელს აქვს მიღებული და ამის საფუძველზე აპირებს, მანგანუმის მოსაპოვებელი სამუშაოები განაახლოს. „ნორთის” დირექტორი ამავდროულად 11 თვის წინ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დაჯარიმებული შპს „ტექნოლოჯი 2021-ის” დირექტორიცაა.

„შესწავლითი სამუშაოების განსახორციელებლად საჭიროა, დავიწყოთ ადგილზე ბურღვითი საქმიანობა“, – წერს ნინიკაშვილი და დასძენს, რომ ამისთვის სოფლის გზებზე ორმოების ამოვსება და მოსწორება სურთ და აინტერესებთ, ხომ არ არის დამატებითი პროცედურები გასავლელი.

თავის მხრივ, შქმერის გამგებელი ზურაბ ჯოხაძე საპასუხო წერილში მიუთითებს, რომ კომპანიას ლიცენზია კანონსაწინააღმდეგოდ გამოცხადებული აუქციონის შედეგად აქვს მოპოვებული.

ამასთან, მინერალური რესურსების სააგენტომ ნინიკაშვილის მეორე კომპანია რიგი დარღვევების გამო დააჯარიმა და რადგან ამ დარღვევების აღსაკვეთად ღონისძიებები არც შპს „ნორთზეც“ არ აქვთ გათვალისწინებული, მას ლიცენზიით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყების უფლება არ აქვს.

ასევე ზურაბ ჯოხაძე მიუთითებს იმაზეც, რომ ნინიკაშვილს წერილზე თანდართულ ფაილში სამუშაოებისთვის გათვალისწინებული საკადასტრო კოდები არასწორად აქვს მითითებული.


რაჭაში კომპანიების მიერ წიაღისეულის მოპოვების წინააღმდეგ 2021 წლის ნოემბერში ადგილობრივებმა პროტესტი გამოთქვეს. შქმერში საპროტესტო აქციებიც გაიმართა, რომელზეც შქმერელებმა და მათ მხარდასაჭერად ჩასულმა მოქალაქეებმა კომპანიებისთვის ლიცენზიების გაუქმება მოითხოვეს.

პროტესტის დაწყებისას შქმერში მანგანუმის მოპოვების ლიცენზიას 3 კომპანია ფლობდა – შპს „Feroex“, შპს „ტექნოლოჯი 2021“ და შპს „მნ ნორთი“. შპს „Feroex“ ლიცენზიას 2014 წლიდან ფლობს. დანარჩენმა ორმა კომპანიამ კი ლიცენზიები 2021 წლის 9 ივლისს მიიღო. გოგა გაგნიძის თქმით, წლის დასაწყისში „ტექნოლოჯი 2021″-ს სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო ჯარიმის გადახდა დაეკისრა, შეუჩერდა ლიცენზია, იგი ასევე ვალდებულია წარმოადგინოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი დოკუმენტი.


„მწვანე ალტერნატივამ” და „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” ერთობლივი საჩივარიც მოამზადა, რომელიც შქმერში მოქმედი ლიცენზიების ბათილად ცნობას ითხოვდა.

საჩივარში აღნიშნული იყო, რომ ლიცენზიების გაცემისას სააგენტომ დაარღვია ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაწესებული გარანტიები და ვალდებულებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ინფორმირებისა და მონაწილეობის შესახებ; ასევე – ორჰუსის კონვენცია, რომელიც გარემოსდაცვითი საკითხების თაობაზე საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის ვალდებულებას განსაზღვრავს.

„მწვანე ალტერნატივამ” და „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” ეკონომიკის სამინისტროს უარი სასამართლოში გაასაჩივრა.