შრომის ინსპექცია „ბასიანთან“ დასალუქად მივიდა და კლუბი 10 ათასი ლარით დააჯარიმა | მათ მისვლას კლუბთან ხმაური მოჰყვა

პუბლიკა

კლუბ „ბასიანთან“ შრომის ინსპექცია მივიდა, რასაც იქ შეკრებილების ხმაური მოჰყვა.

შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კლუბი 10 ათასი ლარით დაჯარიმდა. მათ კლუბის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ტატო გეთიას უთხრეს, რომ ეძლევათ გონივრული ვადა ტერიტორიის დასაცლელად, შემდეგ კი დალუქვის პროცედურები დაიწყება.

„ბასიანის“ მიმდებარედ კლუბის დამფუძნებლები, სხვადასხვა კლუბის წარმომადგენლები და მოქალაქეები არიან შეკრებილები. სწორედ მათ შეუშალეს ხელი შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს კლუბში შესვლაში.

„მონებო!“ „სამთავრობო ღონისძიებებზე ვირუსი არ ვრცელდება?!“ „აქედან დედაენის ბაღში წახვალთ?“ [სადაც მერიის ღონისძიება ტარდება] – ამგვარი შეძახილები ისმოდა კლუბთან შეკრებილების მხრიდან შრომის ინსპექციის წარმომადგენლების მისამართით.

დღეს „ბასიანზე“ და კიდევ რამდენიმე კლუბში ღონისძიებები იყო დაგეგმილი. მათ დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ შრომის ინსპექციამ კლუბების დალუქვა დაიწყო.

„ბასიანთან“ შეკრებილები აცხადებენ, რომ დღეს ღონისძიებები მაინც ჩატარდება.

კლუბების მფლობელები ამბობენ, რომ მათ შრომის ინსპექციისგან დაპირება მიიღეს რეგულაციების მოხსნის შესახებ, თუმცა გასულ კვირას ჩატარებული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კლუბები ისევ არ გაიხსნება. მიზეზად ომიკრონის შტამის გავრცელების გამო გართულებული ეპიდსიტუაცია დასახელდა.