შრომის ინსპექცია საქმიანობის აღდგენის მსურველი კომპანიების შემოწმებას იწყებს

პუბლიკა

ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სამინისტროს მიერ გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა, თუ რას აკეთებს ინსპექცია დამსაქმებლებისა და დასაქმებულების დასახმარებლად.

ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექციამ გადაწყვიტა, დაიწყოს მთელი საქართველოს მასშტაბით ეკონომიკური სექტორის შემოწმება. ფერაძის თქმით, ბიზნესსექტორი უნდა აკმაყოფილებდეს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს, რომელთა მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.

„ამ მიზნით, რომ ჩვენ მოვახდინოთ მთელი საქართველოს მასშტაბით კომპანიების შემოწმება, მთავრობის დადგენილებით, სხვადასხვა უწყებას – ეს არის მუნიციპალური ინსპექციები, გარემოს დაცვის შესაბამისი უწყებები, ეკონომიკის სამინისტროს ინსპექციის შესაბამისი სამსახურები და ყველა ის უწყება, რომელიც ჩართულია ინსპექტირების პროცესში, შეამოწმებს სამუშაო ადგილებს, რამდენად არის რეკომენდაციები დაცული და ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ორკვირიანი ინტერვალით, ყველა დაანონსებული სექტორი შემოწმდება”, – აცხადებს ბექა ფერაძე.

ბიზნესსექტორი ვალდებულია, დღეს, 18:00-დან ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული აპლიკაციით, საქმიანობის აღდგენის მიზნით დარეგისტრირდნენ.

ფერაძის თქმით, აპლიკაცია დაეხმარება ბიზნესმენებს იმ მოთხოვნების გაცნობაში, რასაც გახსნამდე უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია.

„ყოველდღიურად, ერთი ფანჯრის პრინციპით, თუ აქამდე სხვადასხვა უწყება ამოწმებდა და რეგისტრაციის პროცესი იყო სხვადასხვა უწყებაში, დღეს ვაერთიანებთ და ყოველდღიურად სამინისტრო გამოაქვეყნებს კომპანიების სიას, რომლებიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს და 2-კვირიანი ინტერვალით მიეცემათ სამუშაოს აღდგენის საშუალება”, – განაცხადა ფერაძემ.

ბიზნეს სექტორის შემოწმების პროცესში ჩართულნი არიან შემდეგი სახელმწიფო უწყებები:
  • მუნიციპალური სამსახურები
  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
  • სურსათის ეროვნული სააგენტო
  • სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო
  • სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
  • შემოსავლების სამსახური

ფერაძის განმარტებით, თითოეული ეს უწყება ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღებს საქმიანობის აღდგენის მსურველი რეგისტრირებული ობიექტების სიას და დაიწყება მათი შემოწმება. შედეგები სამინისტროს ვებგვერდზე დღის ბოლოს გამოქვეყნდება. ფერაძე ამბობს, რომ მიზნად აქვთ 1000-ზე მეტი კომპანიის შემოწმება.