შრომის ინსპექციამ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტზე 2 ობიექტი დააჯარიმა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის და შრომის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია „რეფორმერფიტნესზე“, რომელმაც, გაჯარიმების მიუხედავად, ეკონომიკური საქმიანობა გააგრძელა.
„შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქ. ბათუმში შპს ,,ონლაინ მეჯიქ” ე. წ „რეფორმერი ფიტნესი” აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა, ფაქტის ადგილზე დაფიქსირების შემდეგ, დარღვევების შესაბამისად, იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, სპორტული დარბაზი საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. შრომის ინსპექციამ განმეორებითი დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა.
N322-ე დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების” მოთხოვნების განმეორებით დარღვევაზე პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 I მუხლის შესაბამისად“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
გარდა „რეფორმერფიტნესისა“, 10 000 ლარით დაჯარიმდა ბათუმში რესტორანი შპს „დიანა“ – ე.წ. „კიდობანი“.
ინსპექციის ცნობით, შემოწმდა თბილისის ღამის კლუბებიც.
„შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ 10 000 ლარით დაჯარიმებული ობიექტი შპს „და ჰაუს რეკორდს” აკრაძალულ ეკონომიკურ საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. აღნიშნულის შესახებ შრომის ინსპექციამ შემდგომი რეგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ აცნობა.
ბოლო ორი დღის განმავლობაში შრომის ინსპექციამ გაფრთხილება 2738 ობიექტს მისცა, 2 დააჯარიმა და 2309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა“, – ნათქვამია განცხადებაში.