შრომის ინსპექციამ საქართველოს ეროვნული მუზეუმი 600 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

შრომის ინსპექციამ საქართველოს ეროვნული მუზეუმი 600 ლარით დააჯარიმა, – სამართალდარღვევის ოქმი ინსპექციის სამსახურმა 11 იანვარს შეადგინა.

საუბარია მუზეუმის პოზიციაზე, არ მიიღონ მონაწილეობა მედიაციის პროცესში. ინსპექციას საჩივრით  მიმართა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა, რომელიც აღნიშნავდა, რომ დამსაქმებელი დასაქმებულებთან კოლექტიურ დავაზე დაწყებულ შემათანხმებელ პროცედურებში არ მონაწილეობდა.

შესწავლის შედეგად ინსპექციამ დაადგინა, რომ დარღვეულია ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტი. მუზეუმს დაეკისრა 600 ლარის ოდენობით ჯარიმა და დარღვევის გამოსასწორებლად მიეცა 30 დღე.

„დამსაქმებელმა – საქართველოს ეროვნული მუზეუმის სახით, არ მიიღო მონაწილეობა დასაქმებულებთან, ა(ა)იპ საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის“ მიერ ინიცირებულ კოლექტიური დავის მოგვარების მიზნით დაწყებულ შემათანხმებელ პროცედურებში და არ დაესწრო ამ მიზნით დავის მედიატორის მიერ გამართულ შეხვედრებს, არ მოახდინა არავითარი კომუნიკაცია – სამინისტროს მიერ დანიშნულ დავის მედიატორთან და ამრიგად, დაარღვია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 63-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დამსაქმებელი ვალდებულია, შეასრულოს კოდექსის 63-ე მუხლის მოთხოვნები, რაც გულისხმობს კოლექტიური დავის შემთხვევაში, შემათანხმებელ პროცედურებსა და ამ მიზნით დავის მედიატორის მიერ გამართულ შეხვედრებში სავალდებულო წესით მონაწილეობის მიღებას”, – წერია ინსპექციის დოკუმენტში.