ჯანდაცვის სამინისტრო შრომის ინსპექციის დერპარტამენტთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, შრომის ინსპექცია ძლიერდება და დეპარტამენტი მალე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნება.
უწყების ცნობით, შესაბამისი კანონპროექტი დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე წარადგინეს და უახლოეს პერიოდში პარლამენტს გადაეგზავნება.
როგორც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ აღნიშნა კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს ინსპექციის გაუმჯობესებას. გაფართოვდება სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის უფლებამოსილება და მანდატი.
„აღნიშნული სიახლე უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის მეტ ეფექტიანობას. განსაზღვრავს ინსპექციის საქმიანობის ძირითად დებულებას და მიმართულებებს. მოგვცემს საშუალებას, შევქმნათ რეგიონული წარმომადგენლობა, რაც კანონის უფრო ეფექტიანად აღსრულებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე პარლამენტის, სახალხო დამცველის, პროფკავშირებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებით. პერიოდულად მოხდება სტრატეგიის შეფასება, მონიტორინგი და მთელი წლის პროცესის დაგეგმვა. აღნიშნული ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობასა და უსაფრთხო კულტურის ჩამოყალიბებას ქვეყანაში“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დღეს გამოქვეყნდება მინისტრის ბრძანება, რომელიც რისკის შეფასების წესს შეეხება.
„ბრძანება ითვალისწინებს საწარმოო ორგანიზაციებსა და ნებისმიერ დაწესებულებაში რისკის შეფასების ერთიან წესს, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას, მეორე მხრივ, დაეხმარება დამსაქმებელსა და დასაქმებულს იმისათვის, რომ ეფექტიანად დაიცვან უსაფრთხოების ნომრები, შეაფასონ საფრთხე და განსაზღვრონ პრევენციული ღონისძიებები“.