შრომის უსაფრთხოება ფუნდამენტურ უფლებად უნდა იქნას აღიარებული | გაერთიანებული პროფკავშირები

პუბლიკა

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით გაერთიანებული პროფკავშირები უერთდებიან მსოფლიო პროფკავშირების მოთხოვნას, რომ შრომის უსაფრთხოება და დასაქმებულთა ჯანმრთელობა სამუშაო ადგილებზე ფუნდამენტურ უფლებად იქნას აღიარებული. ისევე, როგორც იძულებითი ან სავალდებულო შრომის გაუქმება, ბავშვთა შრომის აღმოფხვრა და სხვ.

ამასთან, გაერთიანებული პროფკავშირების განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოში მათმა მოთხოვნამ შრომის უსაფრთხოების წესების გამკაცრებაზე გარკვეული შედეგები გამოიღო. ამოქმედდა   კანონები „შრომის უსაფრთხოების“ და „შრომის ინსპექციის“  შესახებ. შრომის ინსპექციის სამსახური კი ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიდა გაზრდილი მანდატით. თუმცა, წინსვლა არ ყოფილა კანონქვემდებარე აქტებზე.

„საქართველოს კანონქვემდებარე აქტები ე.წ. „ტექნიკური რეგლამენტები“, რომლებიც ძალაში შევიდა 2013 წლიდან, ფარავს ეკონომიკური საქმიანობის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს.

შესაბამისად  იმ სფეროებში, სადაც შრომის უსაფრთხოების საკითხები არ რეგულირდება საქართველოს ნორმატიული აქტებით, დამსაქმებლებმაც და ზედამხედველმა უწყებებმაც უნდა იხელმძღვანელონ 1992 წლამდე მოქმედი საბჭოთა ნორმატიული აქტებით.

საქმიანობის იმ სფეროებში ზედამხედველ უწყებებს სამუშაო ადგილებზე დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში არ გააჩნიათ სამართლებრივი მექანიზმი დამსაქმებლებისთვის ადმინისტრაციული სახდელების დასაკისრებლად.

ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია: საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და კანონის მკაცრი აღსრულება.  შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის შესაფასებლად მთავარი ინდიკატორებია საწარმოო შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების სტატისტიკური მონაცემები. ამ უკანასკნელს სახელმწიფო ამ დრომდე არ აღრიცხავს“, – ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

პროფკავშირების განცხადებით, 2020 წელს შრომის უსაფრთხოება კვლავ  მთავარ გამოწვევად დარჩა, სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა რიცხვმა 39-ს, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 249-ს მიაღწია. Covid-19-ის პანდემიამ კი დასაქმებულთა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

პროფკავშირების განცხადებით, კანონის ეფექტური აღსრულებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა ქვეყანაში შრომის ინსპექტორების საკმარისი რაოდენობა და რეგიონული სტრუქტურების გახსნა. დღეს კი საქართველოს მხოლოდ 53 შრომის ინსპექტორი ჰყავს, რომელთა ლოკალიზაციის ადგილი მხოლოდ დედაქალაქია.

შრომის ინსპექციის სამსახურის ცნობით კი, საქართველოში ბოლო პერიოდში გატარებულმა ცვლილებებმა პოზიტიური შედეგები გამოიღო, რომელიც სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების მნიშვნელოვანი კლებით გამოიხატა.

კერძოდ, 2021 წლის პირველ კვარტალში, სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 25% -ით, ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით – 50%-ით შემცირდა.

„იკლო სამშენებლო სექტორში სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედურმა შემთხვევებმა. 2021 წლის პირველ კვარტალში, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 75 %-ით ნაკლები შეადგინა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ხოლო უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ იმავე პერიოდთან  შედარებისას – 27%-ით იკლო“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყების განცხადებით, შრომის ინსპექცია აქტიურად ჩაერთო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული ღონისძიებების აღსრულებაში და ამ მიმართულებით, ჯამში, 101 007 აქტივობა ჰქონდათ.