„შრომის უსაფრთხოების მონიტორი" – რას შეამოწმებთ ახალი ონლაინრესურსით

პუბლიკა

„შრომის უსაფრთხოების მონიტორი“ – მშრომელთა უფლებებთან დაკავშირებული მეორე პროდუქტია, რომელიც „ღირსეული შრომის პლატფორმამ” შექმნა.

აღნიშნული ონლაინრესურსი ერთ სივრცეში აგროვებს საქართველოს შრომის ინსპექციის მიერ ორგანიზაციების შემოწმების ანგარიშებს და დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას, თვალი ადევნონ შრომის ინსპექციის მიერ შრომის უსაფრთხოების ინსპექტირებას. ასევე, რუკის ან ფილტრის ფუნქციების გამოყენებით შეამოწმონ თავიანთი დამსაქმებლის ინსპექტირების არსებობა.

„იმის მიუხედავად, რომ შრომის ინსპექციის მიერ სამუშაო ადგილზე ჩატარებული ინსპექტირების ანგარიში საჯარო დოკუმენტს წარმოადგენს, არ არსებობდა ამ დოკუმენტების ონლაინბაზა, რომელზე წვდომაც დაინტერესებულ პირებს მარტივად, ელექტრონულად შეეძლებოდათ. მონიტორის საინფორმაციო ბაზა მოიცავს შრომის ინსპექტირების ანგარიშებს მხოლოდ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, 2019 წლის სექტემბრიდან”, – აცხადებენ „ღირსეული შრომის პლატფორმაში”.

შრომის უსაფრთხოების მონიტორის შედეგების გასაცნობად დააჭირეთ აქ 

 

„ღირსეული შრომის პლატფორმის” შესახებ:

„ღირსეული შრომის პლატფორმა“ წარმოადგენს ახლად დაფუძნებულ არაფორმალურ ერთობას,  რომელიც საქართველოში სოციალური სამართლიანობისა და ღირსეული შრომითი პირობების შექმნის იდეის გარშემო აერთიანებს დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებსა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციებს. საქმიანობის ძირითადი ფოკუსია: ძლიერი და ეფექტური შრომის ინსპექცია, ღირსეული მინიმალური ხელფასი და ძლიერი, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირები.

პლატფორმის წევრი ორგანიზაციები არიან:

  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
  • Human Rights Watch;
  • თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი – „ერთობა 2013“;
  • ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელი“;
  • სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA).