ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ მიმოხილვას აქვეყნებს. დოკუმენტში შესულია შრომის კანონმდებლობის საკითხები და საუბარია ამ მიმართულებით პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებზე.
საია აღნიშნავს, რომ 2020 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებული პირების უსაფრთხოება, რაც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევდა დასაქმებული პირების ჯანმრთელობის დაზიანებას ან/და სიცოცხლის მოსპობას.
„მიუხედავად შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებებისა, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა სრულყოფილად ვერ ხდება, აუცილებელია დამატებითი მონიტორინგი და არსებული მიდგომების გაუმჯობესება”, – წერს საია.
ორგანიზაციის შეფასებით, დამატებით გამოწვევას წარმოადგენს COVID-19-ის პირობებში დასაქმებული პირების უსაფრთხოების და შრომითი უფლებების საკითხი. მათ შორის, განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დგანან სამედიცინო სექტორში დასაქმებული პირები (ექიმები/ექთნები/სანიტრები), მაღაროებსა და შახტებში დასაქმებული პირების ისედაც მძიმე შრომითი პირობები პანდემიის შედეგად კიდევ უფრო გამწვავდა, დამძიმდა მეტროს თანამშრომლების მდგომარეობაც, ასევე პრობლემურია მომსახურების სფეროში დასაქმებული პირების შრომითი პირობები.
შრომის კოდექსის რეფორმა
2020 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა შრომის კოდექსის რეფორმას მხარი დაუჭირა.
საიას შეფასებით, შრომის კოდექსში შესულმა ცვლილებებმა გარკვეულწილად გააუმჯობესა დასაქმებულთა შრომითი უფლებების სამართლებრივი მოწესრიგება და გაზარდა უფლების დაცვის გარანტიები.
„შრომის კოდექსში შესული ცვლილებებიდან დადებითად უნდა შეფასდეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: დასაქმებულის შრომითი დისკრიმინაციისგან დაცვის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესება და გონივრული მისადაგების ცნების განსაზღვრა; შრომითი ხელშეკრულების წერილობით დადების ვალდებულების შემოღება და ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულირება; სტაჟირების გავლის საკითხის მოწესრიგება; დეკრეტული შვებულების ცნების ახლებურად ჩამოყალიბება და მამობის გამო ანაზღაურებადი შვებულების აღების განსაზღვრა; შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველზე წარდგენილი სარჩელის განხილვისა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურის გაუმჯობესება; იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე და სხვ.
შრომითი უფლებების დაცვის სფეროში, 2020 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერება და მისი უფლებამოსილებების გაზრდა. შრომის რეფორმის შედეგად, 2021 წლის 1 იანვრიდან შრომის ინსპექციის სამსახური ჩამოყალიბდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და მისი უფლებამოსილება გავრცელდება, როგორც უსაფრთხო შრომის გარანტიებზე, ასევე შრომითი უფლებების დაცვაზე.
მიუხედავად საქართველოს შრომის კოდექსში შესული ცვლილებებისა, მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის განმავლობაში შრომითი უფლებების საკანონმდებლო მოწესრიგების გაუმჯობესებაზე მუშაობა გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია, რომ შრომის კოდექსში დამატებით აისახოს ისეთი საკითხები, როგორიცაა: შრომითი ურთიერთობის ცნების გაფართოება და მისი გავრცელება ანაზღაურების გარეშე სტაჟირებაზე; ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ფიქსირებული ოდენობის განსაზღვრა; დეკრეტული შვებულების ანაზღაურების გაუმჯობესება; შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ამომწურავი საფუძვლების განსაზღვრა და სხვ.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის 1 იანვრიდან შრომის ინსპექციის სამსახურს გააჩნდეს შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსები შრომითი უფლებების დანერგვაზე ეფექტური ზედამხედველობის განსახორციელებლად”, – წერს საია.