შრომითი დავა კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა სოცმუშაკმა მოიგო - EMC

პუბლიკა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სააგენტოდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა სოცმუშაკმა შრომითი დავა მოიგო –  ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია EMC ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, ხაშურის რაიონული სასამართლოს 19 მარტის გადაწყვეტილებით, სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ“ 2019 წელს გათავისუფლებული სოცმუშაკი სამსახურში უნდა აღადგინოს და ასევე, განაცდური უნდა აუნაზღაუროს.

„გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღდგენისა და ანაზღაურების პროცესი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და იშვიათია შრომით სამართლებრივ დავაში“, – აცხადებს EMC.

ორგანიზაციის განცხადებით, ეს წარმატებით დასრულებული უკვე მეექვსე სასამართლო დავაა იმ რვა საქმიდან, რომლებზეც EMC მუშაობს. რაც შეეხება დარჩენილ ორ დავას, სასამართლო პროცესები კვლავაც მიმდინარეობს.