შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტი ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ერთია, საქართველოში ოდნავ სხვა - გახარია

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში გამოსვლის დროს, დეპუტატ მიხეილ სარჯველაძის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რა ხარვეზები შეიძლება არსებობდეს შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით გასატარებელი რეფორმის გზაზე.

„ბატონო მიხეილ, ყოველთვის, როდესაც რაღაც კარგ საქმეს ვაკეთებთ, ხომ უნდა ვეცადოთ, ეს კარგი საქმე ისე გავაკეთოთ, სხვა რაღაცა არ გავაფუჭოთ.

რა თქმა უნდა, შრომითი უფლებების ნაწილში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანამ სერიოზულ პროგრესს მიაღწია საკანონმდებლო დონეზეც და, მოგეხსენებათ, რომ შემიძლია, აბსოლუტურად გულწრფელად გითხრათ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ დღეს, გარდა იმისა, რომ აშკარად პროგრესირებს, პანდემიასთან ბრძოლის ნაწილშიც ერთ-ერთი წამყვანი ფუნქცია და როლი შეასრულა.

თქვენ როცა კითხულობთ, რაიმე საფრთხე ხომ არ არსებობსო, ერთადერთი საფრთხე არსებობს, რომ ბალანსი დაგვერღვეს. შრომით უფლებების დაცვის პროცესში არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ბალანსი დაგვერღვეს და საერთოდ ეკონომიკის ინტერესები დაგვავიწყდეს.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტი ეკონომიკურად განვითარებულ, მდიდარ ქვეყნებში ერთია და საქართველოში ოდნავ სხვა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შრომითი უფლებები არ უნდა დავიცვათ. სისტემურად, ინსტიტუციონალურად უნდა დავიცვათ. ამიტომ იქნა ეს საკანონმდებლო ცვლილებები მიღებული, ამიტომ ჩამოყალიბდა სტრუქტურულად შრომის ინსპექცია, თუმცა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, როდესაც აუცილებლად უნდა დავიცვათ და ვიცავთ ჩვენი დასაქმებულების როგორც შრომითი პირობების, ასევე უფლებების მდგომარეობას, ასევე უნდა გვახსოვდეს დამსაქმებლის ინტერესებიც; სხვანაირად უბრალოდ შევალთ ჩიხში და ეს შრომითი უფლებების ნაწილშიც პრობლემები გაგვიჩნდება. ეს ბალანსი არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გახარიამ.