შრომითი უსაფრთხოების იგნორირების გამო წელს გვყავს 7 დაღუპული და 70 დაშავებული ადამიანი - პროფკავშირები

პუბლიკა

1 მაისს – მშრომელთა საერთაშორისო დღეს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთა წინაშეც დღეს საქართველოში სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანი დგას. მისი თქმით, ამ საკითხების მოგვარება და გამოსწორება სასიცოცხლოდ აუცილებელია, რათა ქვეყანამ გააგრძელოს არსებობა.

„8-საათიანი სამუშაო დღის იგნორირება, ადეკვატური საარსებო მინიმუმი და მისი შესაბამისი მინიმალური ხელფასი (ამ ყველაფერს მოკლებულნი არიან დასაქმებული ადამიანები), უმუშევრობის შემწეობის არარსებობა, შრომის წიგნაკების გაუქმება (დღეს იდენტიფიცირებაც კი არ შეუძლია სახელწიფოს, ვინ იყოს დასაქმებული და ვინ არა, განსაკუთრებით არაფორმალურ სექტორში), სოლიდარობის ფონდის არარსებობა (ეს რომ არსებულიყო, უამრავი ადამიანი იქნებოდა დაცული სოციალური სიდუხჭირისგან), პროგრესული გადასახადების იგნორირება, სოციალური დაზღვევის სისტემის ნგრევა, საბაზრო ფუნდამენტალიზმი  და პირველადი, სასიცოცხლოდ აუცილებელი სექტორის პრივატიზება, – თითოეული ეს სიმახინჯე გახლავთ შრომის ბაზრის „დაინფიცირებული ღამურა”, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

მისი თქმით, პროფკავშირები წლებია ითხოვს შრომის ინსპექციას, შრომის უსაფრთხოებას:

„პანდემიით საქართველოში გარდაიცვალა 6 ადამიანი, ხოლო შრომითი უსაფრთხოების იგნორირების გამო წელს გვყავს 7 გარდაცვლილი და 70 დაშავებული ადამიანი.

კორპორაციული სიხარბე, ეკონომიკური დოვლათის არასამართლიანი გადანაწილება, სამწუხაროდ, თანმდევი პროცესია ჩვენი ეკომონიკისა, და ამ ახალმა გამოწვევამ უნდა გვასწავლოს, რომ ეკონომიკა უნდა იყოს ორიენტირებული თითოეულ მოქალაქეზე”, – აცხადებს პეტრიაშვილი.

მისივე თქმით, ყველა ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით მთავრობას მანიფესტით მიმართავენ.

 

ამავე თემაზე:

► უნდა შექმნას მექანიზმები, რათა მშრომელთა მდგომარეობა ისეთივე სავალალო არ იყოს, როგორიც დღესაა – EMC