შს მინისტრის მოადგილე პრაიდფესტივალზე: შსს ყველა ძალადობრივ ქმედებას აღკვეთს

პუბლიკა

შსს ყველა ძალადობრივ ქმედებას აღკვეთს კანონით დადგენილი წესებით, თუკი ასეთი იქნება, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პრაიდფესტივალის წინააღმდეგ ძალადობრივი პარტია „ალტ-ინფოს“ მუქარაზე.

მისი თქმით, შსს „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს და ყველა ზომას მიიღებს, რაც კანონით არის გათვალისწინებული.

​შინაგან საქმეთა სამინისტრო ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას აღკვეთს კანონით დადგენილი წესით. ჩვენ დავიცავთ ყველა იმ პირის უფლებას, ვისაც აქვს კანონით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ღონისძიებებს, ჩვენ გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია და შსს მიიღებს ყველა იმ ზომას, რაც კანონითაა განსაზღვრული”, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.


ძალადობრივი, ჰომოფობიური და პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წევრები „პრაიდის კვირეულის“ წინააღმდეგ მობილიზებას გეგმავენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაატარონ ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები ძალადობის თავიდან ასაცილებლად.

2021 წლის 5 ივლისს მათ მიერ ორგანიზებული ძალადობრივი მოვლენების შედეგად მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებებს ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არცერთი პირი არ დაუკავებია.