შს მინისტრს უფლებამოსილება ექნება, პოლიციაში პირი სპეციალური კონკურსის გარეშე მიიღოს - კანონპროექტი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ექნება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს.

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში ინიციირებულია, თუმცა ვებგვერდზე გამოქვეყნებული ჯერ არ არის. მის შინაარსს „პირველი არხი“ და „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებენ.

„პოლიციის შესახებ“ მოქმედ კანონში წერია, რომ პოლიციაში სამუშაოდ პირი მიღებული უნდა იქნეს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად.

პროექტის მიხედვით, პოლიციაში სამუშაოდ პირი, როგორც წესი, მიღებულ უნდა იქნას სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობები კი მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.

„2025 წლის 1-ლი იანვრიდან სამხედრო სამსახური მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში იარსებებს. შესაბამისად, გასამხედროებული დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საჭიროა პოლიციაში სამსახურის მიღების გარკვეული წესები მოდიფიცირდეს და პოლიციაში არსებულ პოზიციებზე მათი სპეციფიკის გათვალისწინებით, მიღების განსხვავებული წესები დადგინდეს”, – წერია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

„პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილების გარდა, „ოცნების“ პარლამენტი აპირებს პიროტექნიკის რეალიზაცის რეგულაციას, აქციაზე ნიღბის ტარების აკრძალვას და საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის გამარტივებას.