შშმ ახალგაზრდები: ვერ მივიღებთ ჩვენთვის აუცილებელ სერვისებს, ხელი შეეშლება ჩვენს საზოგადოებრივ ინტეგრაციას

პუბლიკა

„არ მიიღოთ ანტისახელმწიფოებრივი, არაკონსტიტუციური კანონი”, – ამის შესახებ განცხადებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები ავრცელებენ და ამბობენ, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტის” შესახებ. 

„აღნიშნული კანონი დააზიანებს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ მთელ მოსახლეობას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც კიდევ უფრო მოწყვლადები ვართ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებული ნაწილის უმრავლესობა საქმიანობს არასამთავრობო ორგანიზაციებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უმრავლესობას ერთხელ მაინც უსარგებლია უცხოური დაფინანსებით განხორციელებული პროგრამებით, მომსახურებებითა და სერვისებით. 

უცხოური დონაციებისა და დაფინანსებების დამსახურებაა, რომ გვაქვს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენცია, ინკლუზიური განათლება სკოლებში, რომ არსებობს დიდი ზომის ინსტიტუციების ალტერნატივა საოჯახო ტიპის საცხოვრისები, უფასო სასწავლო კურსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ა.შ. 

თავად რატი იონათამიშვილი, რომელიც უნდა წარმოადგენდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხმას საკანონმდებლო ორგანოში, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მის ხელში გაიარა უამრავმა დაფინანსებამ უცხოური წყაროებიდან, მას დიდი წვლილი მიუძღვის არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებაში. 

ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივიღებთ ჩვენთვის აუცილებელ სერვისებსა და მომსახურებებს, შეფერხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, ხელი შეეშლება ჩვენს საზოგადოებრივ ინტეგრაციასა და პოლიტიკურ თანამონაწილეობას, შეგვეზღუდება ავტონომია და დამოუკიდებელი ცხოვრება. ამასთანავე, აღნიშნული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების თვითმიზანი კი – ევროკავშირია.

აქედან გამომდინარე, თქვენ ვალდებულები ხართ, გაითვალისწინოთ ჩვენი საჭიროებები და ინტერესები, არ დაუჭიროთ მხარი ჩვენ საწინააღმდეგო, რუსულ კანონპროექტს!”, – ნათქვამია განცხადებაში. 

ხელმომწერები იხილეთ ბმულზე;