შშმ პირები: UN-ის შშმ პირთა კომიტეტის წევრობის კანდიდატი ხელისუფლებამ უჩვენოდ წარადგინა

პუბლიკა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციები, ასევე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციები გმობენ შშმ პირთა კომიტეტში წარსადგენი კანდიდატის კონკურსის დახურულ კარს მიღმა წარმართვას.

მათი განცხადებით,  საქართველოს ხელისუფლებამ გაეროს შშმ პირთა კომიტეტში წევრობის კანდიდატი თემის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე წარადგინა.

განცხადებაში მითითებულია, რომ თითქმის ყველა საჯარო უწყებასთან, მათ შორის საქართველოს მთავრობასთან არსებულ გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორის საკოორდინაციო კომიტეტთან არსებობს შშმ პირების, მშობლებისა და აქტივისტების და შესაბამისი ორგანიზაციების წევრებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო საბჭოები.

კომიტეტის საქმიანობა მხარდაჭერილია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ.

განცხადების თანახმად, საკოორდინაციო კომიტეტის ხელმძღვანელი, ადამიანის უფლებების საკითხში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი მონაწილეობდა კანდიდატის შესარჩევ კომისიაში.

შშმ პირები და მათთან მომუშავე ორგანიზაციები აცხადებენ, რომ გაეროს შშმ პირთა კომიტეტში წარსადგენი კანდიდატის შერჩევის არც პროცესი და არც კრიტერიუმები არ განხილულა გაეროს შშმ პირთა კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორის საკოორდინაციო კომიტეტთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოსა და ზოგადად შშმ პირთა თემში.

„გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ჩვენი, შშმ აქტივისტებისა და წარმომადგენელი ორგანიზაციების, მონაწილეობის გარეშე, ფარულად, ჩრდილოვან გარემოში. ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, თემის კანონიერ და მთლიანად სახელმწიფოებრივ ინტერესებს”, – წერია განცხადებაში.

მისი ხელმომწერებისთვის მიუღებელია, რომ ხელისუფლება, რომელიც „გამჭვირვალობის კანონს” იღებს და ამას სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობის აუცილებლობით ამართლებს, თავის საქმიანობაში უგულებელყოფს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ჩართულობის პრინციპებს.

„ამავდროულად, გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტის წევრობის კანდიდატის წარდგენა მოხდა თვითონ გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის 4.3, 33.3 და 34 მუხლების დარღვევით. აღნიშნული მუხლების მიხედვით შშმ პირები შესაბამის ფორმატში უნდა მონაწილეობდნენ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში, რომელიც შესაძლოა, რამე ფორმით აისახოს მათ უფლებრივ მდგომარეობასა და  ყოფაზე, მათ შორის, შშმ პირთა უფლებადაცვით საერთაშორისო სტრუქტურაში ექსპერტის კანდიდატურის შერჩევისა და წარდგენის პროცესში. მივიჩნევთ რა, რომ ჩვენს ქვეყანაში  ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს შშმ პირთა შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება ხსენებული თემის წარმომადგენელთა ექსკლუზიის ფონზე:

მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველს, გამოიკვლიოს აღნიშნული საკითხი.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, შეაფასოს გაეროს შშმ პირთა კომიტეტის წევრობის კანდიდატურის წარდგენის წარმართული პროცესი.

ვთხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო ყურადღება მიაქციოს განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს, გამოხატოს სოლიდარობა საქართველოში მცხოვრები შშმ პირებისადმი და მხარი დაგვიჭიროს შშმ აქტივისტებსა და წარმომადგენელ ორგანიზაციებს სამომავლოდ პროცესების გაუმჭვირვალედ წარმართვისგან თავის არიდებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

მას ხელს აწერენ:

  • „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის
  • „ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი”
  • „სენტირე“
  • ფონდი „აურეს“
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • თანაბარი ჩართულობის ცენტრი/EPC
  • “ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” (FAD)
  • მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის
  • მოძრაობა ინკლუზიური საზოგადოება- საქართველო
  • ესმა გუმბერიძე
  • ანა სიხაშვილი
  • მარინე კორკოტაძე
  • შორენა შავლაყაძე
  • დავით ყვირილიანი
  • ეკატერინე თორთლაძე
  • თათია დათაშვილი
  • კობა ნადირაძე
  • გოდერძი გოგოლაძე