შშმ პირთა საერთაშორისო ალიანსი IDA (International Disability Alliance) განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უნდა იყვნენ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმღებთა პრიორიტეტულ ჯგუფში.
აქვე ნათქვამია, რომ შშმ პირთა ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ სათანადო რესურსები საინფორმაციო კამპანიების გასატარებლად, მაგალითად, ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად; უნდა უზრუნველყონ, რომ მათი მესიჯები იყოს გასაგები, ინკლუზიური და მისაწვდომი.
საერთაშორისო ალიანსი შშმ პირების, მათი უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და მხარდამჭერი ქსელების სახელით, მოუწოდებს მთავრობებს, გაეროს სააგენტოებსა და კერძო სექტორს, დაუყოვნებლივ მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა:
კოვიდ-19-ის ვაქცინები უფასოდ ან დაბალ ფასად იყოს ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის, მათ შორის შშმ პირებისა და მათ მიერ შერჩეული მხარდამჭერი ქსელის წევრებისათვის;
შშმ პირები, მათ მიერ შერჩეული მხარდამჭერი ქსელის წევრები და ასევე პერსონალური ასისტენტები, ოჯახის წევრები (მომვლელები) და შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებულ სერვისებში მომუშავე პირები შევიდნენ ვაქცინის მიმღებთა პრიორიტეტულ ჯგუფებში;
ვაქცინაციის პროვაიდერი დაწესებულებები/ადგილები იყოს ფიზიკურად მისაწვდომი და პირებს საჭიროებისამებრ გაეწიოთ მეგზურობა და დახმარება. ასევე უნდა იქნას შემუშავებული მისაწვდომი ტრანსპორტირების უფასო ან დაბალფასიანი პროგრამები. უნდა გატარდეს სპეციფიკური საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები, რათა შშმ პირებმა გაიგონ ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის შესახებ;
ყველა საინფორმაციო კამპანია, მათ შორის გენდერული და ასაკობრივი, უნდა იყოს ინკლუზიური და მისაწვდომი შშმ თემისთვის;
ვაქცინებთან დაკავშირებულმა საინფორმაციო სისტემებმა უნდა შეაგროვონ ასაკის, სქესისა და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ჩაშლილი მონაცემები;
სრულად მისაწვდომი უნდა იყოს ინტერნეტ სერვისებიც და ამავდროულად, დაცული იყოს პირადი ცხოვრება და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;
კოვიდ-19-ს საწინააღმდეგო ვაქცინის ადმინისტრირება უნდა მოხდეს მხოლოდ შშმ პირის თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ. შშმ პირთა, ინტელექტუალური შეზღუდვების, ფსიქო-სოციალური საჭიროებებისა და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირების ჩათვლით, ავტონომიურობა და უფლებაუნარიანობა არ უნდა შეილახოს იმ გამამართლებელი გარემოებით, რომ ეს პირის საუკეთესო ინტერესის ან საზოგადოებრივი სიკეთისთვის კეთდება.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ შშმ პირთა და მათ წარმომადგენელ ორგანიზაციათა ჩართულობა პოლიტიკის შემუშავებაში, კოვიდ-19-ის საწინაღმდეგო ვაქცინის გავრცელების დაგეგმვასა და ამასთან დაკავშირებულ პროცესებში.
განცხადების სრული ვერსიის თარგმანი იხილეთ ბმულზე.