ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კოტე ჭილაიამ შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენა 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. ბრალდებული 80 წლამდე კაცია.
პროკურორ ანა როყვას ცნობით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვდა. უწყება მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ანა როყვას თქმით, საქმეში არის მოწმეთა ჩვენებები და ვიდეომტკიცებულებები.
ადვოკატ მერი ცინარიძის თქმით, სასამართლოს წარუდგინეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, ასევე მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა. ადვოკატის მტკიცებით, ბრალდებულის ცოლი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. შემთხვევა ქობულეთში მოხდა.
კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით წარედგინა (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.